22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
პროკურატურის უარი გამოძიებაზე - მეუფე იაკობის ბრალდებებზე ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენა

პროკურატურა მეუფე იაკობის ბრალდებებს არ გამოიძიებს. საგამოძიებო უწყებამ დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს. მეუფე იაკობის ბრალდებების შინაარსი არც სინოდის სხდომაზე განხილულა. როგორც განჩინებაში წერია, სასულიერო პირმა ბოდიში მღვდელმთავრების წინაშე არა განცხადებების შინაარსზე, არამედ საუბრის ფორმის გამო მოიხადა. მეუფე იაკობს მაღალჩინოსნებთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ არც მედიასთან უარუყვია.

მეუფე იაკობის განცხადებები "ქართული ოცნებისთვის" ზღაპრის ჟანრია. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მთავრობის მაღალჩინოსნების დადანაშაულება, რომ პატრიარქის გადაყენება სურდათ - სიცრუეა, ამიტომ გაუგებარია რა არის გამოსაძიებელი.

ოპოზიცია ითხოვს, მეუფე იაკობის განცხადებები პარლამენტის შესწავლის საგანი გახდეს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენოს.

გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციის სხვა წევრებიც. იმის გამო, რომ მეუფე იაკობმა მძიმე ბრალდებები მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ გაახმოვანა, დეპუტატების აზრით, საკითხი საპატრიარქოს კედლებსა და კომპეტენციას სცდება.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნამდე დეპუტატები მეუფე იაკობის გამოჩენას ელოდებიან. პოლიტიკოსების განცხადებით, მეუფე იაკობი ვალდებულია თქვას სიმართლე - შედგა თუ არა რეალურად  შეხვედრა, სადაც გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური ილია მეორის შეცვლაზე მსჯელობდნენ. 

დღის ამბები