16 ივლისი 2024,   16:20
ვრცლად
სინოდმა მეუფე პეტრეს საკითხი შესაძლოა კიდევ ერთხელ განიხილოს

სასულიერო პირები პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდებიან - როდის დაინიშნება ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს კიდევ ერთი სხდომა, რომ მეუფე პეტრეს საკითხი განიხილონ. 

თეოლოგები ეპარქიიდან იძულებით განკვეთილ მეუფეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ჭყონდიდის ეპარქიამ სინოდს წერილობით მიმართოს. იმ შემთხვევაში თუ სინოდი მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ჯერი მსოფლიო საპატრიარქოზე დადგება.

ისინი მღვდელმთავრებს ურჩევენ მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებზე კიდევ ერთხელ იმსჯელონ და მამხილებელი მტკიცებულებითაც დაინტერესდნენ. 

ირკვევა, რომ სხდომაზე განცხადება მეუფემ საკმაოდ ხმამაღალი ტონით გააკეთა, თუმცა ილია მეორეს ხელით არ შეხებია. დახურული სხდომის დეტალები "კურიერის" საგანგებო ეთერში მეუფე ნიკოლოზმა გააჟღერა.

ამავე ეთერში კიდევ ერთმა მღვდელმთავარმა ისიც გაამხილა, რომ მეუფე პეტრე მძიმე ბრალდების წაყენებამდე ილია მეორეს პატიებასაც სთხოვდა და ეუბნებოდა, რომ მისი განცხადებები პატრიარქის შეურაცხყოფას არ ემსახურებოდა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა წმინდა სინოდის 42 წევრის წინაშე დაიჩოქა და შენდობა ითხოვა.

მეუფე პეტრე რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მეთვრამეტე განწესების წაკითხვას ითხოვდა, რომელიც საპატრიარქოში საკუთარი ხელით მიიტანა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს. იმ ხმაურიანი და მძიმე განცხადებების გამო, რომლებიც სასულიერო პირმა სინოდზე გააკეთა, მღვდელმთავრებმა სასჯელის უკიდურეს ფორმაზე - მღვდელმსახურებიდან განყენებაზეც იმსჯელეს.

დროებით მღვდელმსახურება შეჩერებული ჭყონდიდის მიტროპოლიტი საპატრიარქოს იურისტმა დღეს უკვე ერისკაცობის სახელით მოიხსენია. თუმცა, მეუფე პეტრესთვის ხარისხი წმინდა სინოდს არ შეუჩერებია.

როგორც ცნობილია, გუშინ სინოდის სხდომაზე სასულიერო პირებმა საეკლესიო 55-ე კანონით იხელმძღვანელეს და მეუფე პეტრე ჭყონდიდის მმართველობიდან გაათავისუფლეს, მას მღვდელმსახურება აეკრძალა და წმინდა სინოდის წევრობიდან გათავისუფლდა.

დღის ამბები