22 დეკემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ეს პროტესტი ყველა ვარიანტში დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას - გიგა ბოკერია

მთავარ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში სადაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შეკრება დასრულდა ხელისუფლების ოპონენტები სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმდნენ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ლეიბორისტების" ოფისთან იმ შეთანხმებაზე ისაუბრა, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არსებობს.

"ამ უტიფრობის შემდეგ, რაც ივანიშვილმა აკადრა მთელ საზოგადოებას, მთელი ოპოზიციური სპექტრის, მათ შორის ერთმანეთთან კატეგორიულად დაპირისპირებული შეხედულებების მქონე ძალების და საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაა პროპორციული ვადამდელი არჩევნები ტექნიკური მთავრობის მიერ. თამაშის წესების გამართვას ამ ქვეყანაში სჭირდება ამ კაცის და მისი გუნდის ჩამოცილება ხელისუფლებიდან,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ოპოზიციის უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას უჭერს მხარს. ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებას ამ მოდელის საწინააღმდეგოდ არგუმენტები არ გააჩნია და მათი განცხადებები, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება უტიფარი ტყუილია:

"ეს არის ყველაზე სწრაფი გზა ფაქტობრივად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის. ეს არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ნულოვანი არგუმენტია, მაგრამ ივანიშვილის გუნდს ხომ არგუმენტი არ სჭირდება, ეს არის უტიფარი მონების გუნდი ივანიშვილის ქვეშ, რომლებიც ყველაფერს იტყვიან,"- აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, აუცილებლად დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას:

"ეს არის საზოგადოების რესურსი და პროტესტი და პროგნოზირება შეუძლებელია რამდენი დღე დასჭირდება. შეურაცხყოფა და ბრაზი გროვდება და შეიძლება ამოხეთქოს ხვალ, ზეგ, მაზეგ და ყველა ვარიანტში დაასრულებს ივანიშვილის ხელისუფლებას,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები