06 ოქტომბერი 2024,   07:12
ვრცლად
არ ვურჩევდი ხელისუფლებას ცეცხლთან თამაშს - დავით ბერძენიშვილი

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ. პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ დასახულ შედეგს არ მიაღწევენ.

თუკი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ამისთვის მას დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი საუბრობს.

"თუ არ დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნას, მაშინ ის პოლიტიკურად გაცილებით მეტ ფასს გადაიხდის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ცოტა ხნით ბევრი მანდატი უმცირესობის უმრავლესობით მოპოვება, არის ძალიან მწარედ დასჯადი საზოგადოების მხრიდან. ხვალ ჩვენ გვექნება მიტინგი, დარწმუნებული ვარ, რომ მიტინგი იქნება მასობრივი. მე არ ვურჩევდი ხელისუფლებას ცეცხლთან თამაშს," - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ხელისუფლებას ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, აკაკი ბობოხიძე.

"გაგრძელდება აქციები მანამ, სანამ არ მივაღწევთ შედეგს და ბიძინა ივანიშვილის დაპირებების იმედად უბრალოდ ვეღარ ვიქნებით. მთავრობა ან მიიღებს ქვეყნისთვის და მათთვისვე საჭირო გადაწყვეტილებას, ან მათ ძალიან მძიმე ფასად დაუჯდებათ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის მოტყუება," - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

რუსთაველის გამზირზე მივიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე.

"გადადგეს არსებული მთავრობა და შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც მიიყვანს მთავრობას უმოკლეს არჩევნებამდე და ეს არჩევნები უნდა იყოს ვადამდელი პროპორციული და რა თქმა უნდა, მანამდე შეიცვალოს საარჩევნო კომისიები, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივ დონეზე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა საარჩევნო პროცესისადმი," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

დღის ამბები