11 სექტემბერი 2026,   13:50
ვრცლად
"თეთრი ხალათების" აქცია - მედიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის მასშტაბური პროტესტი ვაჟა ექიმის მხარდასაჭერად

ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებენ ქართველი ექიმის ოკუპანტების ტყვეობაში ყოფნასაც. თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს" - ცხინვალის ციხეში უკანონოდ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად დღეს ყველა სამედიცინო დაწესებულების წინ ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგებმა რამდენიმე წუთიანი, სიმბოლურ, მდუმარე აქცია გამართეს. "თეთრი ხალათების" აქციას კოლეგები საქართველოს ფარგლებს გარეთაც უერთდებიან.

მე-10 დღეა, რაც ქართველი ექიმი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო მდუმარე აქცია "მედიქლაბ ჯორჯიაშიც" გაიმართა. საპროტესტო აქციას დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებიც შემოუერთდნენ და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობითა და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლება.

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს რაც შეიძლება მალე გაათავისუფლებენ. თათა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მდუმარე აქციაზე შეკრების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.

სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს სოლიდარობა საქართველოს თითქმის ყველა კლინიკაში გამოუცხადეს. ისინი ამბობენ, რომ თუნდაც ოკუპაციის პირობებში, ექიმის საქმიანობისთვის ხელის შეშლა დანაშაულია. ექიმები აცხადებენ, რომ სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლებს პაციენტების მკურნალობა არ უნდა ეზღუდებოდეთ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროფესიონალი ექიმის დაკავება უკანონოა და აღმაშფოთებელი.

"თავისუფლება ვაჟა ექიმს" - მედიკოსების მთავარი მოთხოვნაა და ისინი ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებენ.

ერთ-ერთ აქციას პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში დაესწრო. მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ ექიმი და ჟურნალისტი არის  ორი პროფესიის წარმომადგენელი, რომელიც მისი თქმით როგორც საომარი მოქმედებების დროს, ასევე ნებისმიერი ჰუმანიტარული კრიზისის სიტუაციაში ხელშეუხებელი უნდა იყოს.

"ეს არის მომენტი, სადაც პროფესიონალები პოლიტიკის მიღმა შეიძლება გავერთიანდეთ, როგორც ქართულ, ასევე ოსურ მხარეს და ვუზრუნველყოთ, რომ ბატონი ვაჟა ოჯახს დაუბრუნდეს რაც შეიძლება მალე," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად დღეს აქციები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც გამართეს აქციები. სამოქალაქო საზოგადოებაში აცხადებენ ,რომ აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება დროულად მოხდეს. სამოქალაქო აქტივისტებმა წერილიც კი გააგზავნეს "გაეროში" საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დასახმარებლად ყველაფერი გაკეთდეს. მათი განცხადებით, ამ საკითხზე მნიშვნელოვანია სრულიად საქართველოს კონსოლიდაცია მოხდეს.

დღის ამბები