22 დეკემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ ერთი პირობით აპირებს - მთავარი მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემაა

"ქორთიარდ მერიოტში“ პოლიტიკური ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ. შეხვედრას ოპოზიციური სპექტრის თითქმის ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში კონსულტაციებს მართავდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერი დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას, დიალოგის შესახებ, ეხმაურებიან. მათი თქმით, ოპოზიცია  ხელისუფლებასთან დიალოგს აპირებს მხოლოდ ერთი პირობით, თუ მმართველი გუნდი შეასრულებს ოპოზიციური სპექტრის ყველა მოთხოვნას და უმთავრესი მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემაა.  

"დიალოგი შეწყვიტეს და გადააგდეს საზოგადოება, როცა შეთანხმება დაარღვია ივანიშვილმა უტიფრად. ახლა, აქვს შეთავაზება სწრაფად, დაუბრუნდეს თვითონ, როგორ ცალმხრივადაც გავიდა, დაბრუნდეს, მიიღოს ე.წ. გერმანული მოდელი, ხმებს მივახმართ და მერე დავიწყებთ დიალოგს რთულ საკითხებზე“ -  აცხადებს გიგა ბოკერია.

დიალოგის შეთავაზებას "უკიდურეს ცინიზმს“ უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავამ.

გვარბევენ და რობოკოპებით თავებს გვიხეთქავენ და ხალხს გვიჭერენ და თან დიალოგზე გველაპარაკებიან? ცინიზმია უკიდურესი“ - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუკი მმართველი გუნდი მზად არის პროპორციული საარჩევნო სისტემის განსახილველად, თუმცა კონკრეტული გარანტიებით, ამ შემთხვევაში, ოპოზიცია დიალოგისთვის მზად იქნება.

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა საღამოს 6 საათზე დაიწყო და ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისინი შეეცდებიან დასავლელი პარტნიორები, დაარწმუნონ იმაში, რომ გამოიყენონ ბერკეტები რათა ხელისუფლება დაუბრუნდეს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესაძლებლობის განხილვას.

 

 

 

 

დღის ამბები