21 დეკემბერი 2024,   16:17
ვრცლად
გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციით არ უნდა გამოიტანონ - ეკა გიგაური დაკავებულების შესახებ

"ხულიგნობა არის უმისამართო გინება, როცა მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა და არა ის, რომ ხელისუფლებისადმი მკაცრად, თუნდაც შეურაცხმყოფელად გამოხატავდე საკუთარ მოსაზრებებს" - ასე ეხმაურება გიორგი მშვენიერაძე 18 ნოემბერს დაკავებულები პირების საქმეებს. 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს. სასამართლოში შეკრებილი მათი მხარდამჭერები კი პროცესების ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობენ. 

"ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ რაც ამ ადამიანებს აქვთ წაყენებული "ბრალად", ეს არის ძირითადად ორი მუხლი, ერთი შეეხება პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და მეორე ეს არის ხულიგნობა. წარმოუდგენელია, რა მიაჩნია პოლიციას ხულიგნობად, ის რომ მოქალაქე თუნდაც შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდეს ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს, ეს არის თუ არა ხულიგნობა. ხულიგნობა არის უმისამართო გინება, როცა მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა და არა ის, რომ ხელისუფლებისადმი მკაცრად, თუნდაც შეურაცხმყოფელად გამოხატავდე საკუთარ მოსაზრებებს," - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება მიღებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად და არა პოლიტიკური მოტივაციებიდან გამომდინარე.

"ძალიან ცუდია, რომ დაკავებულების უფლებები არ იყო დაცული მთელი პერიოდის განმავლობაში და დაცვის მხარესაც არ ჰქონდა საშუალება, რომ მაქსიმალურად მომზადებულიყო პროცესისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული სასამართლოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად და არა პოლიტიკური მოტივაციებიდან გამომდინარე," - აცხადებს ეკა გიგაური.

საქალაქო სასამართლოში, დაკავებულების მხარდასაჭერად მივიდა "მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

"ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ჩემი უკანონოდ დაკავებული დაცვის წევრების მხარდაჭერა. მე ვაპირებ მათი უფლებების წარდგენასაც, როგორც ადვოკატი პროცესზე, მაგრამ ასევე ვგულიშემატკივობ ყველას, ვინც არის უკანონოდ დაკავებული. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიმარჯვონ. მანქურთები და მონების მოყვარული დავალების გამცემი ოლიგარქები უნდა დამარცხდნენ," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

დღის ამბები