12 სექტემბერი 2026,   13:12
ვრცლად
აქციის დაშლა - ოპოზიცია არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ საუბრობს

პარლამენტის შესასვლელებთან აქციის დაშლას, ოპოზიციონერი ლიდერები აფასებენ. საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, აქციის დაშლის დროს დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით,  წყლის ჭავლის გამოყენებისას დაშავდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ჰოსპიტალიზირებულია.

,,სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს პირდაპირ ჰქონდათ დავალება, რომ 7 საათამდე უნდა გაწმენდილიყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. გამოყენებული იქნა რობოკოპები, წყლის ჭავლი. 18 ადამიანი იქნა დაკავებული, რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია, რადგან წყლის ჭავლი პირდაპირ თვალში მოხვდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ძალის გამოყენების გარდა, სხვა სასაუბრო არ დარჩა ხალხთან," -  განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 
 

აქციის დაშლის დროს, პარლამენტის მიმდებარედ ჩიტაძის ქუჩაზე იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მშვიდობიან აქციაზე შეკრებილ ხელისუფლების მიერ მოტყუებულ ხალს, მმართველი გუნდი სპეცრაზმითა და პოლიციით დაუპირისპირდა. 

,,ხელისუფლების ტყუილმა გამოიყვანა ადამიანები ქუჩაში და აი, ამ ტყუილის გამო გასაპროტესტებლად გამოსულ ადამიანებს ხელისუფლება სპეცრაზმითა და პოლიციით უპირისპირდება. ეს არის მათი არჩევანი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელებთან მყოფი აქციის მონაწილეები სპეციალური დანიშნულების რაზმმა რამდენიმე საათის წინ დაშალა. ამ დროისთვის, მთავარი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე  ქუჩები  სპეცრაზმელებმა დაიკავეს.  

აქციის მონაწილეთა ნაწილი, პარლამენტის შენობის წინ იმყოფება.

დღის ამბები