22 დეკემბერი 2024,   09:17
ვრცლად
საზოგადოების ჩართულობის გარეშე ისევ სერიოზული პრობლემები გვექნება - წიკლაური შეწყალების ახალ წესზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეწყალების ახალ წესზე მუშაობის დასრულებას ოპოზიციურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური პროცესებში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ პრობლემების წარმოქმნის საშიშროებას ხედავს. 

ნუგზარ წიკლაურმა შეწყალების წინა შემთხვევები გაიხსენა, როდესაც პრეზიდენტმა მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები შეიწყალა.   

"ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის დისკრეციულ უფლებას იყენებს იმგვარად, რომ თვით "ქართული ოცნებაც" კი არის აღშფოთებული მისი გადაწყვეტილებებით, ეს არის ფაქტი. მე დარწმუნებული ვარ, როგორიც არ უნდა იყოს ცვლილებები, როგორიც არ უნდა იყოს შეთანხმებები, კვლავ საზოგადოების ჩართულობის გარეშე გვექნება სერიოზული პრობლემები. იმიტომ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებები სხვადასხვა პირთან დაკავშირებით არის სრულიად არაადეკვატური, ვიხილეთ მკვლელების და სხვა უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირების გათავისუფლების შემთხვევები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ იმის გარეშე, რომ იყოს ფართო საზოგადოებრივი კომისია, რომელიც განიხილავს ყველა საქმეს ცალ-ცალკე, ისე პრეზიდენტისათვის ამ უფლების მინდობა უბრალოდ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება კვლავ ვიხილოთ თავისუფლებაზე ისეთი პირები, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე დანაშაულები და რომლებიც შემდგომშიც შეუქმნიან საფრთხეს ქვეყანას," - აცხადებს ნუგზარ წიკლაური. 

დღის ამბები