22 დეკემბერი 2024,   08:50
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი მის დაწინაურებას ლოგიკურს უწოდებს - მმართველმა გუნდმა დღეს საპარლამენტო თანამდებობები გაინაწილა

ხმაურისა და საპროტესტო აქციების ფონზე მმართველმა გუნდმა დღეს საპარლამენტო თანამდებობები გაინაწილა. დაწინაურებულთა რიგებში არიან ის მაჟორიტარებიც, რომლებმაც, როგორც თავად უმრავლესობა აცხადებდა, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს.

გარდა ე.წ. "ურჩი დეპუტატებისა," ახალი საპარლამენტო თანამდებობა დაიკავა გიორგი კახიანმა. მან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გადაინაცვლა. კახიანის თქმით, ის ისევ აქტიურად იქნება ჩართული კანონშემოქმედებით პროცესში:

"გარდა იმ ფუნქციებისა, რომელიც ვიცე-სპიკერს აქვს, მე ვფიქრობ, რომ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, ისე როგორც ამას აქამდეც ვაკეთებდი, როგორც იურისტი, აქტიურად ჩართული კანონშემოქმედებით პროცესში, ამ მიმართულებით, ცხადია, მექნება ინიციატივები,"- განაცხადა გიორგი კახიანმა.

კახიანი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გურამ მაჭარაშვილმა შეცვალა. მაჭარაშვილი მის დაწინაურებას ლოგიკურს უწოდებს:

"3 წელია ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამ კომიტეტს და ლოგიკური იყო გუნდის, ხელმძღვანელობის და ზოგადად უმრავლესობის მხრიდან, როდესაც მე შემომთავაზეს ამ პოზიციაზე გადასვლა მას შემდეგ, რაც გაგა კახიანის გადასვლა განიხილეს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე. ყველას თავისი ფანტაზიები და შესაძლებლობები აქვს, ყველას თავისი კურსი აქვს პოლიტიკაში აღებული, მაგრამ პირადად ჩემი კურსი არის, რომ საქმეს, საზოგადოებას, პარლამენტს ვემსახურო ისე, როგორც დღეს სჭირდება ქვეყანას," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ ლიდერს, გია ვოლსკის, მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე 81 ხმა მიიღო ვიცე- სპიკერის თანამდებობაზე საპროცედურო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება ვიცე-სპიკერის პოსტზე ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს, მან 80 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურას კი ხვალ უყრიან კენჭს.

ამასთან, ხვალ ეყრება კენჭი კახა კუჭავას კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, ასევე ხვალ უყრიან კენჭს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანის კანდიდატურას.

დღის ამბები