11 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
გათვლა, რამდენჯერ შეიძლება იყოს გამოყენებული შეწყალება, ნაადრევია - უფლებადამცველები შეწყალების ახალ წესზე

უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიღება, კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს და წინასწარ რაოდენობაში შეზღუდვა მიუღებელია.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილის თქმით, ნაადრევია წინასწარ იმის გათვლა თუ რამდენჯერ და როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული შეწყალების უფლება:

"საუბარია შემცირებაზე უშუალოდ შეწყალების აქტების და ის რომ არ უნდა იყოს ხშირად გამოყენებული. ანუ  წინასწარ ჩვენ რატომ ვიზღუდებით და რატომ განვსაზღვრავთ რა სახის და რა გარემოების დროსაა შესაძლებელი იყოს გამოყენებული. მთავარია არსებობდეს კრიტერიუმი შებამისად წინასწარ იმის გათვლა თუ რამდენჯერ და როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული ალბათ ნაადრევია, საქმის რეალობიდან და კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ყურადღებას რამდენიმე საკითხზე ამახვილებს:

"მის განცხადებაში რამდენიმე საკითხი იკვეთება, რომელზეც ღირს ყურადღების გამახვილება, პირველი ეს არის არჩევანი, რომელსაც აკეთებს პრეზიდენტი და ამბობს რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს არ შეეხება შეწყალების პრაქტიკა ხშირად, მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ეს გახლავთ შეწყალების მექანიზმის გამოყენების სიხშირე, ის ამბობს რომ ისე ხშირად აღარ მიმართავს ამ გზას როგორც ადრე," - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. კრიტერიუმები დადგენილია, თუმცა როდიდან განახლდება მსჯავრდებულთა შეწყალება ჯერჯერობით უცნობია.

ახალი წესებით, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალება რთულდება, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების საქმეების განხილვა გამარტივდა.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი თითოეულ საქმეზე გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან და თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

 

 

დღის ამბები