22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
კრიტერიუმები უნდა იყოს ისეთი, რაშიც საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება - უმრავლესობა შეწყალების ახალ წესზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების კრიტერიუმებზე მუშაობის დასრულებას და გარკვეულ წესებზე ჩამოყალიბებას აფასებს მმართველი დადებითად გუნდი. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, კრიტერიუმები უნდა იყოს ისეთი, რაშიც საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება:

"უნდა იყოს კრიტერიუმები ისეთი, რაშიც საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება, საზოგადოებას არ უნდა შეეპაროს ეჭვი როდესაც ეს აქტი განხორციელდება და ზუსტად იცოდეს, რომ შეიწყალეს ადამიანი, რომელმაც მოინანია და ამა თუ იმ ვითარების გამო იმსახურებს საზოგადოებიდან გულწრფელ შეწყალებას.  პრეზიდენტი ამ შემთხვევაში საზოგადოებას წარმოადგენს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი განსაკუთრებულად ფრთხილი უნდა იყოს იმ შემთხვევების დროს, როდესაც მსჯავრდებულ პირს საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საშიში დანაშაული აქვს ჩადენილი. კილაძის თქმით ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილს მოსაზრებები გაუზიარა:

"პარლამენტმა გავუზიარეთ ქალბატონ სალომეს ჩვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში უნდა იყოს პრეზიდენტი განსაკუთრებულად ფრთხილი შეწყალებისას. ჩვენი აზრით ეს არის შემთხვევები, რომელიც არის საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საშიშროების მატარებელი. მაგალითად ბავშვების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, პედოფილია, ქალების წინააღმდეგ მიმართული," - აღნიშნა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. კრიტერიუმები დადგენილია, თუმცა როდიდან განახლდება მსჯავრდებულთა შეწყალება ჯერჯერობით უცნობია,

ახალი წესებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალება რთულდება, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების საქმეების განხილვა გამარტივდა.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი თითოეულ საქმეზე გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან და თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

დღის ამბები