30 დეკემბერი 2024,   21:44
ვრცლად
პანკისში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - მეჩეთთან მოკლულის დეიდა გვარებს შორის დაპირისპირების  ახალ დეტალებს ყვება

მეორე დღე პანკისში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებიდან - მეჩეთთან მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილი 38 წლის მამაკაცი ხეობაში დღეს დაკრძალეს.

მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების დაპირისპირებაზე უკვე ყველა საუბრობს. გვარების შერიგება ვერც უხუცესებმა მოახერხეს.

38 წლის მოკლული ვისური მუთოშვილის დეიდა გვარებს შორის სისხლიანი დაპირისპირების ახალ დეტალებს ყვება. ეთერ გოდერძიშვილის ინფორმაციით, თელავში მიმავალ მუთოშვილებს ჩასაფრებული ქავთარაშვილები დახვდნენ. გვარებს შორის დაპირისპირება სოფლის მეჩეთთან მოხდა.

მოკლულის დეიდა ამბობს, რომ დისშვილი კონფლიქტის ადგილზე მოგვიანებით მივიდა, მანამდე კი სიტყვიერი დაპირისპირება ქავთარაძეებმა ვისურის ბიძაშვილებთან დაიწყეს. კამათი შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რასაც მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვისური მუთოშვილს ტყვია თავისა და ზურგის არეში მოხვდა.

პანკისში გვარებს შორის კონფლიქტი წარსულში დაიწყო. მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირება 3-ჯერ მოხდა. ეთერ გოდერძიშვილი იხსენებს, რომ მათი ოჯახის წევრებს რამდენიმე ხნის წინ 30 კაცი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მოკლულის დეიდის ინფორმაციით, გვარებს შორის დაპირისპირება ხეობაში ჰესის მშენებლობას უკავშირდება​​.

ორ გვარს შორის დაპირისპირების მიზეზებზე არ საუბრობს დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა. თუმცა "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ მუთოშვილებთან კონფლიქტი არა ჰესის მშენებლობას, არამედ სხვა საკითხს უკავშირდება. მისი თქმით, მუთოშვილებთან ახლო მეგობრობა ჰქონდათ და ახალგაზრდებს კამათი რამდენჯერმე მოუვიდათ. მერაბ ქავთარაშვილი კონფლიქტის დროს ადგილზე არ ყოფილა. ის ამბობს, რომ ამ დროს სამსახურში იმყოფებოდა. მერაბ ქავთარაშვილი ახმეტის მერიაში მუშაობს. ის მერის, სოსო ქარუმაშვილის, მრჩეველია.

მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირების შესახებ პანკისის ხეობაში ყველამ იცოდა. სოფლის უხუცესები ყვებიან, რომ გვარების შერიგება ვერ მოახერხეს.

სოფელ საკობიანოში გვარებს შორის დაპირისპირების შედეგად დაჭრილია 3 მამაკაცი: რუსლან მუთოშვილი, შამილ დუიშვილი და მურად ქავთარაშვილი.

მუთოშვილი ახმეტის რაიონული ჰოსპიტალიდან კონფლიქტის დღესვე გაწერეს, ხოლო დუიშვილისა და ქავთარაშვილის ჰოსპიტალიზაცია თბილისში გახდა საჭირო. დუიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მურად ქავთარაშვილმა, რომელიც ტრავმატოლოგიურში მკურნალობს, სამედიცინო პერსონალს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაცემა აუკრძალა.

დღის ამბები