22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
"ოცნების" ხელისუფლების შეცვლა "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების გარეშე - ახალი პოლიტიკური პლატფორმის მიზანი

"ლელოს“, "შენების“ და "ახალ მემარჯვენეების" ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას ლიდერები უკვე ადასტურებენ.

მათ შესაბამისი განცხადება ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ლიდერების თქმით, თანასწორუფლებიანი პლატფორმა ორპოლუსიან სისტემას დაამარცხებს და მისი მთავარი მიზანი დემოკრატიული ქვეყნის აშენება იქნება.  

"ეს იქნება თანასწორუფლებიანი პარტნიორების მიერ, პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი პლატფორმა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიან სისტემას, ისარგებლებს საზოგადოების ნდობით და ააშენებს ძლიერ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანას. მოგიწოდებთ ყველას, დავიწყოთ აქტიური დიალოგი ამ იდეის ირგვლივ,"- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დავით უსუფაშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნული პარტიები მომავალი წლის არჩევნებზე პარტნიორები იქნებიან თუ კონკურენტები, თუმცა უსუფაშვილი აცხადებს, რომ ამოცანა საერთოა და ეს არის ხელისუფლების შეცვლა, "ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე.

"ჩვენ შესაძლოა, მომავალ არჩევნებში გვიხილოთ პარტნიორებად, ერთ პოლიტიკურ გუნდში, შესაძლოა გვიხილოთ კონკურენტებად, მაგრამ ამ საკითხში - ევროპული, თავისუფალი საქართველოსთვის მომავლის უზრუნველყოფა, ორპოლუსიანი ვითარების შეცვლა და რეალური ალტერნატივის გამოკვეთა, ეს არის ჩვენი საერთო საქმე.

ამ თემაზე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მარგამ დღეს ვხსნით დიალოგს უფრო ფართოდ, გაცხადებული ამოცანაა, შეიცვალოს ოცნების ხელისუფლება, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

თანამშრომლობის შესახებ განცხადება გააკეთა მოძრაობა "ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ხალხი და მათი სურვილების  გათვალისწინებაა. 

“ნებისმიერ სცენარისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, შესაბამისად, გვაქვს ჩვენი გზა, ეს გზა არის იმ ამომრჩევლის, იმ ადამიანების პროგრამის სურვილის გათვალისწინება, რომლებიც დაიღალნენ ამ ბოლო 9 პლუს 8 წლის ისტორიით და ურთიერთდაპირისპირებით, უპერსპექტივობით. ჩვენ ოპოზიციასთან არაფერი, გარდა იმ საკითხისა, რომელიც  პროპორციულ არჩევნებს ეხება, სხვა კონსულტაცია არ გვქონია,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მოძრაობა ამ გაერთიანებით იმ პროტესტს არ ემიჯნება, რომლის გარშემოც მთელი ოპოზიციური სპექტრია გაერთიანებული. მისი თქმით, კონსულტაციებში მონაწილეობას აქტიურად გააგრძელებენ.

 

დღის ამბები