22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
21 დღე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში - ვაჟა გაფრინდაშვილმა ოჯახისგან პირველი ამანათი მიიღო

სამკვირიანი ტყვეობის განმავლობაში, ცხინვალის იზოლატორში მყოფმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ოჯახისგან პირველი ამანათი რამდენიმე საათის წინ მიიღო. ექიმს თბილისიდან გაგზავნილი პირადი ნივთები სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი წითელი ჯვრის წარმომადგენელმა გუშინ მეორედ მოინახულა. როგორც მისიის წარმომადგენელი ამბობს, გაფრინდაშვილი პატიმრობის ოცდამეერთე დღესაც თავს მხნედ გრძნობს.

უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის გათავისუფლების საკითხი იყო ერთ-ერთი განსახილველი თემა აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრაზე, სადაც რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ექიმი შესაძლოა უახლოეს დღეებში გათავისუფლდეს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმის დაპატიმრების ფაქტზე კვლავ შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატები. ისინი დე-ფაქტო რეჟიმის არასწორ ქმედებებზე საუბრობენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მალე მოხდება.

რუსული მხარის დაპირების შემდეგ, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებამდე მხარდამჭერი აქციები გრძელდება. ექიმის  საკუთარ სახლში დროულად დაბრუნებას ითხოვენ ემიგრანტებიც. რომში მცხოვრები ქართველები რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და ტრანსფარანტებით ხელში საოკუპაციო პოლიტიკა გააპროტესტეს.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობდნენ მისიები, შესაბამისი უწყებები და ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლები საკუთარი კონტაქტებით.

ექიმის დაკავებას არა ერთი დიპლომატი, მსოფლიოში ცნობილი მედიკოსი თუ სპორტსმენი გამოეხმაურა. გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა. ბოლო დაპირება ექიმის დროული გათავისუფლების შესახებ გუშინ გრიგორი კარასინისგან აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრაზე გაჟღერდა.

 

დღის ამბები