22 დეკემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ახალ პოლიტიკურ პლატფორმას შესაძლოა, ანა დოლიძეც შეუერთდეს - სამი ძალის გაერთიანების იდეას ოპოზიციასა და ხელისუფლებაში აფასებენ

"შეიცვალოს "ოცნების" ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე" - ამ სლოგანის ირგვლივ დღეს "ლელო", "შენების მოძრაობა" და "ახალი მემარჯვენეები" ოფიციალურად გაერთიანდნენ.

ჯერჯერობით თანამშრომლობა საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში დააანონსეს, თუმცა საარჩევნოდ ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებაც არ გამორიცხეს.

სამივე ძალის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ უერთდებიან მთავარ მოთხოვნას - ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, აქციებშიც მონაწილეობენ, მაგრამ მიზნის მისაღწევად პარლამენტის პიკეტირების იდეა არ მოსწონთ და ჩიხიდან გამოსავალს დიალოგში ხედავენ, ხელისუფლებას კი ვითარების ესკალაციისა და არეულობის გამოწვევაში ადანაშაულებენ.

"ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" მკვეთრად გამიჯვნის შემდეგ, ლიდერებმა ისიც განმარტეს, რომ რადიკალურად განსხვავებული ხედვებისა და იდეოლოგიის მიუხედავად, კვლავ რჩებიან ერთიან ოპოზიციურ კონსულტაციებში, რომლის მოთხოვნაა პროპორციული არჩევნების და გერმანული მოდელის მიღებაა, თუმცა საერთო მიზნის მიღწევის შემდეგ, ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაგიდასთან დარჩენას არ აპირებენ

სამი ძალის გაერთიანების იდეას ოპოზიცია არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდა. ახალ ერთობას დღეს უპერსპექტივო უწოდა "ნაციონალურმა მოძრაობამ".

ახალი ძალების გამოჩენის წინააღმდეგი არ არის მმართველი გუნდი, თუმცა პერსპექტივებზე საუბარი უჭირს.

ახალმა გაერთიანებამ დღეს დაადასტურა, რომ კონსულტაციებს ანა დოლიძესთანაც მართავს, "კურიერის" ინფორმაციით, საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოს ახალ წევრებზე და გაფართოებაზე ორშაბათს ოფიციალურად გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის სამი ძალისგან შემდგარი გაერთიანება აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარებაა და საზოგადოების კონსოლიდაციისთვს აქტიურ მუშაობას აანონსებს.

ლიდერების განმარტებით, კონსულტაციების რეჟიმში ყოფნა ნიშნავს, რომ დღეიდან ყველა ნაბიჯს შეათანხმებენ და საარჩევნო პროცესსაც შეთანხმებულად განიხილავენ.

დღის ამბები