11 სექტემბერი 2026,   13:00
ვრცლად
არ არსებობს არც მოწმე, არც მტკიცებულება, ეს არის სიყალბით გაჯერებული პოლიტიკური დევნა - ბადრი ჯაფარიძე

სასამართლოში 16 მილიონ ლარზე მეტი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების საქმე, რომელშიც ბრალდებულები "თიბისი" ბანკის დამფუძნებლები არიან, დღეს განახლდა.

საქალაქო სასამართლოში მისულმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადეს, რომ ისინი დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვაში წარმოადგენენ ყველა იმ მტკიცებულებას, რაც ადასტურებს, რომ მათ 11 წლის წინ არალეგალური შემოსავალი არ მიუღიათ.

"პროკურატურა სამწუხაროდ არის პრივატიზირებული ივანიშვილის მიერ. არ არსებობს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ მოწმეც არ არსებობს. ვერ იარსებებს ბუნებაში იმიტომ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა, რაშიც ჩვენ ცილს გვწამებენ. არ არსებობს არც მოწმე არც მტკიცებულება. ეს არის სიყალბით გაჯერებული პოლიტიკური დევნა და ეს გრძელდება," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

აღნიშნულ საქმეში კანონდარღვევას გამოძიება კიდევ ერთ ბიზნესმენ ადანაშაულებს. ავთანდილ წერეთელს 2008 წელს, ჯაფარიძისა და ხაზარაძის დახმარებას ედავებიან. 

ავთანდილ წერეთლის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარემ დღემდე ვერ მოისმინა სასამართლოსგან თუ რა ბრალი ედება წერეთელს.

"კონკრეტიკა აქამდე არ ყოფილა, დღესაც ვერ გაჩნდება. კვლავ იქნება საუბარი, გვჯერა, პროკურატურის მხრიდან ზოგადი შინაარსის საუბრები და ამ საუბრებს მოვისმენთ. ჩვენ დავასაბუთებთ იმას, რომ არანაირი საფუძველი ბრალდებისა ფულის გათეთრებაში არ არსებობს და დახმარებაში ავთანდილ წერეთლის მხრიდან," - განაცხადა ადვოკატმა, კახა წერეთელმა.

საქმის პროკურორი გიორგი მიქავა აცხადებს, რომ ბრალდების მხარე სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არაერთი მტკიცებულების გამოკვლევას აპირებს, მათ შორის, დოკუმენტური მტკიცებულებების, ეროვნული ბანკის შემოწმების აქტებისა და მოწმეთა ჩვენებების.

"კერძოდ, მათ შორის დოკუმენტური მტკიცებულებები, ეროვნული ბანკის შემოწმების აქტები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ დაადასტურებენ ერთი: ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით ბანკის კუთვნილი თანხის კერძოდ 16 მილიონ 664 ათასი დოლარის მისაკუთრების ფაქტს და ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს," - აცხადებს პროკურორი, გიორგი მიქავა.

დღის ამბები