11 სექტემბერი 2026,   13:41
ვრცლად
ხაზარაძე-ჯაფარიძემ წერეთელთან თანამშრომლობით მილიონობით ლარის ზარალი მიაყენეს სახელმწიფო ბიუჯეტს - პროკურატურა "თიბისი" ბანკის საქმეზე

ხაზარაძე-ჯაფარიძემ წერეთელთან თანამშრომლობით მილიონობით ლარის ზარალი მიაყენეს ბანკს და სახელმწიფო ბიუჯეტსაც ამის შესახებ ბრალდების მხარემ თიბისი" ბანკის დამფუძნებლების სასამართლო პროცესზე განაცხადა. 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციების კანონიერებაზე სასამართლოს მსჯელობა, ბრალდებულების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მონაწილეობით სამ საათამდე გაგრძელდა.

ბრალდებას არ ადასტურებენ "თიბისი" ბანკის დამფუძნებლები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ საომარი მოქმედებების დროს მათ გამოიყენეს ყველა კანონიერი გზა კაპიტალის შესავსებად. საუბარია 16 მილიონ ლარზე მეტი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სამართლებრივ ასპექტებზე საუბრისგან თავი შეიკავეს, თუმცა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, მათ წინააღმდეგ დაწყებული საქმე პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების ქვეყნიდან გასასტუმრებლად.

"მესმის, რომ ეს არის პოლიტიკური დავალება, მაგრამ თვითონ იმდენად სამარცხვინო, მოგონილი და შეთითხნილია ეს ბრალდება, რომ სამწუხაროდ გვიწევს მტკიცება, რომ ორჯერ ორი არის ოთხი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. გავაგრძელებთ საქმიანობას პოლიტიკური მიმართულებით, ეს ჩვენ ვერ შეგვაფერხებს. მინდა გავუცრუო იმედები პროკურორს და მის დამკვეთს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დღეს გამართულ სასამართლო პროცესს აბსურდულს უწოდებს.

"არ დავიღლებით აქ სიარულით და ყოველ ჯერზე გავიმეორებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს, მის "ოცნებას" საქართველოში მომავალი არ გააჩნია. არ გააჩნია არც ასეთ პროკურატურას, არც ასეთ სასამართლოს და არც ასეთი მართვის სტილს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე-ჯაფარიძის უფლებადამცველის განცხადებით, პროკურატურამ ბანკიდან მხოლოდ 2009 წლის 31 დეკემბრის დოკუმენტაცია გამოითხოვა, სადაც წინა წლის ტრანზაქციები ასახული არ იყო.

"ამ ტრანზაქციების შედეგად მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ არა თუ სარგებელი მიიღეს, არამედ პირიქით, დაკარგეს "თიბისი" ბანკში 80%, მაგრამ პროკურატურამ აქაც, როგორც მთელ ამ საქმეში, ბანკიდან გამოითხოვა მხოლოდ ის დოკუმენტაცია, რომელიც 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იყო, სადაც ასახული არ იყო წინა წლის ტრანზაქციები. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს საქმეში 2009 წლის ბოლო 31 დეკემბრის მდგომარეობით არა, 31 მარტის მდგომარეობით, სადაც ჩანს, რომ მამუკას და ბადრის წილი შეუმცირდათ, ამიტომ ეს არგუმენტიც, რომელიც გაჩნდა დღეს - გაბათილებულია," - აცხადებს ადვოკატი ზვიად კორძაძე.

პროკურატურა კი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს საკმარისი არგუმენტები აქვს იმის დასამტკიცებლად, რომ რომ ჯაფარიძემ და ხაზარაძემ 2008 წელს განხორციელებული მსხვილი ტრანზაქციებით პირადი სარგებელი მიიღეს.

"როდესაც ისინი უტრირებენ და სპეკულირებენ 2008 წლის ომის თემით, რომ მათ ვერ ვერ შეძლეს აღნიშნული თანხის გადახდა, ამავე დროს საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ 2008 წლიდან 2019 ან 2018 წლამდე, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ დეკლარირებული შემოსავლის სახით - მხოლოდ დეკლარირებულ შემოსავალზეა საუბარი - მიიღეს 74 მილიონი ლარი შემოსავალი. ამით დასტურდება, რომ მათ არა თუ ვერ გადაიხადეს, არ გადაიხადეს აღნიშნული თანხები," - განაცხადა პროკურორმა, გიორგი მიქავამ.

დღის ამბები