18 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებიც ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებენ, იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

როგორც ორგანიზაციის უფროსი ანალიტიკოსი სალომე ცეცხლაძე აღნიშნავს, გიორგი კოხრეიძის განცხადებები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გეგმავს. 

"სოლიდარობას ვუცხადებთ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს და იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული დახმარება დასჭირდებათ, მზად ვართ, რომ მათ გავუწიოთ ეს დახმარება. კოხრეიძის განცხადებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მას უნდა დამოუკიდებელი ტელევიზიიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

როგორც ვიცით, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზია შეფასებული იყო როგორც დამოუკიდებელი, დაბალანსებული ტელევიზია პოლარიზებულ მედიაგარემოში,"- განაცხადა სალომე ცეცხლაძემ.

შეგახსენებთ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ხელმძღვანელობას ბრალდებებს უყენებს და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაზე საუბრობს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა ტელევიზიის შენობასთან  აქცია გამართეს და ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მოუწოდეს, ნუ ჩაერევა ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში. თავად გიორგი კოხრეიძე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები