18 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
ბეწვის ხიდი, რომელსაც მედია გადის - როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან სუიციდის წახალისება 

როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ისეთი სენსიტიური თემა, როგორიც სუიციდია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე არასრულწლოვნებს ეხება.

ფსიქოლოგების განმარტებით, საინფორმაციო გარემოს ე.წ. დაბინძურება ყველაზე მეტად სწორედ მოზარდებზე და მათ ფსიქიკაზე მოქმედებს. ისინი მწვავედ რეაგირებენ სიტყვებზე.

უდიდესი სევდა, რომელმაც 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ ყველა მოიცვა, ნათლად გვანახებს, თუ როგორ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს მედიამ მსგავსი ტრაგედიის გაშუქებისას, რათა გაუცნობიერებლად თვითმკვლელობა არ წაახალისოს და მოზარდებში ნიჰილიზმი არ ჩანერგოს.

სწორედ ამას ეხმაურება "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და ტრადიციულ თუ არატრადიციულ მედიას გაშუქების სტანდარტებს ახსენებს. მძიმე ინფორმაცია პირდაპირ აისახება ბავშვების და მოზარდების ფსიქიკაზე და ტრაგედიის წილი პასუხისმგებლობა თითოეულ ზრდასრულ ადამიანზე გადადის.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის ფსიქიკის დაბინძურება დიდი დოზით ნეგატიური ინფორმაციის მიღებისას ხდება. ამა თუ იმ ფაქტით შექმნილი ისტერია, ძალიან მგრძნობიარე თემების უპასუხისმგებლოდ გაშუქება და ხელაღებით სხვადასხვა სიტყვის გამოყენება, პირდაპირ აზიანებს მომავალი თაობის ფსიქიკას.

ტექნოლოგიების საუკუნეში და სოციალური მედიის სამყაროში ნებისმიერი ინფორმაცია ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხელმისაწვდომია. საკუთარი ნააზრევის გადმოცემა, თუნდაც პირად გვერდზე, საზიანო არ უნდა აღმოჩნდეს გარშემომყოფებისთვის. მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ და მოზარდებს ყველაზე მთავარი - ჩვენი მხარდაჭერა, ზრუნვა და გულისხმიერება დავანახოთ.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები