ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთ დოკუმენტში გამოხატა. სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელშიც 72 მილიარდ დოლარამდე საგარეო დანიშნულებისთვის გამოჰყო. აქედან 734 მილიონი ევროპაში რუსული აგრესიის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის დაიხარჯება.
კონგრესის ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული პარტნიორია, ევროპის თავდაცვის ინიციატივა კი საქართველოს საშუალებას აძლევს, განამტკიცოს თავდაცვისუნარიანობა და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ამერიკასა და ნატოსთან.
კონგრესმა დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. კანონპროექტში საუბარია უკრაინაზეც, ვაშინგტონი კიევს 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სანქციები ელის რუსეთსა და თურქეთს. შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი ძალაში ტრამპის ხელმოწერისთანავე შევა.