"მკვლელი სისტემა კიდევ უფრო მახინჯი ფორმებით გრძელდება და ეს ჩვენ უნდა დავასრულოთ" - ეს განცხადება პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ გააკეთა.
მან პარტიის წევრებთან ერთად, დიდების მემორიალის აფეთქების დროს დაღუპული დედა-შვილი გაიხსენა და განაცხადა, რომ ათი წლის წინაც მოქალაქეები სწორედ ამ სისტემას ემსხვერპლნენ.
გოგი წულაიამ, ასევე, ისაუბრა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე. მისი თქმით, თუ საზოგადოება ხმას არ აიმაღლებს, მსხვერპლი გაცილებით ბევრი იქნება.
"ათი წლის წინ დედა-შვილი სისტემას შეეწირა. ეს ადამიანები წინა ხელისუფლების ახირების გამო დაიღუპნენ და დღესაც, ადამიანები სისტემის გამო კვდებიან. ხელისუფლებამ რეჟიმი გადაიბარა. ამას შეეწირა 15 წლის მოზარდი, რადგან თავის დროზე ხმა არ ავიმაღლეთ. თუ ასე გაგრძელდა, მეტი მსხვერპლი გვეყოლება,"-განაცხადა გოგი წულაიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დიდების მემორიალი 2009 წელს ააფეთქეს, რა დროსაც დედა-შვილი დაიღუპა. სამუშაოები პარლამენტის მშენებლობის გამო განხორციელდა.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი