26 ივნისი 2024,   14:59
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას შესაძლოა კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას 2 ოპერაცია გუშინ გვიან ღამითვე ჩაუტარდა, თუმცა ექიმები არ გამორიცხავენ, რომ კიდევ ერთი - ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. ცოტნე გამსახურდიას ნაკვეთი ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

კლინიკაში მყოფ ახლობლებს დაჭრილის შესახებ ბოლო ინფორმაციას მარიამ ჯაში აწვდიდა, რომელიც მთელი ღამე ადგილზე იმყოფებოდა.

რა გახდა ცოტნე გამსახურდიას დაჭრის მიზეზი ამაზე გამსახურდიას მეგობრები დაზუსტებით ვერ საუბრობენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ამას პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს. ასევე არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა პირველი პრეზიდენტის შვილი, წარსულში უთანხმოების გამო დავით ბაჯელიძეს დაეჭრა. გამსახურდიას მეგობრები დროულ გამოძიებას ითხოვენ.

ხეჩინაშვილის კლინიკაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები. მათი ნაწილისთვისაც ცნობილია, რომ ერთ-ერთი ვერსიით გამსახურდიას დაჭრაში დავით ბაჯელიძე მონაწილეობდა.

პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, არც იმას, რომ პირველი პრეზიდენტის შვილზე თავდასხმა მის ბოლოდროინდელ "ფეისბუქ" სტატუსებს უკავშირდებოდეს.

პოლიტიკოსების ნაწილი ქვეყანაში უსაფრთხოების ჩამოშლაზე საუბრობს.

ცოტნე გამსახურდიას სახლთან, სადაც მისი დაჭრა მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პროკურორებიც, თუმცა ისინი დეტალებზე არ საუბრობენ.

ამ დრომდე უცნობია ამოღებულია თუ არა შემთხვევის ადგილიდან იარაღი, რითაც გამსახურდიას დაჭრა მოხდა. თვითმხილველები, ვინც ცოტნე გამსახურდია დაჭრილი ნახეს, ამბობენ, რომ დამნაშავეები არ დაუნახავთ. თვითმხილველების ნაწილი არ ადასტურებს, რომ ინციდენტში დავით ბაჯელიძე მონაწილეობდა.

წუხელ გვიან ღამემდე პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველების გამოკითხვა მიმდინარეობდა.

ცოტნე გამსახურდია, ვერაზე, გალის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან გუშინ საღამოს 7 საათისთვის დაჭრეს.

დღის ამბები