18 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას ცოლი ერთ-ერთი დაკავებულის უდანაშაულობაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

ანა ჯაბაურისთვის გაუგებარია, რითი იხელმძღვანელა მოსამართლემ, როდესაც მისი ქმრის, ცოტნე გამსახურდიას მეგობარი, პეტრე ყუფარაძე პატიმრობაში დატოვა. ყუფარაძე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. 

"პეტრე ყუფარაძე არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრემ და კიდევ ერთმა მისმა მეგობარმა, ფაქტობრივად, ცოტნე გადაარჩინეს. რომ არა ისინი, შესაძლოა, ცოტნე დღეს ცოცხალია რ ყოფილიყო. ეს პიროვნება არის დაკავებული შეუტყობინებლობის მუხლით. ვფიქრობ, ეს არის ძალიან უსამართლო სასამართალი. ასე თუ დარჩა, ძალიან სამწუხარო იქნება," - აღნიშნა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ.

გარდა ამისა, ანა ჯაბაური არ გამორიცხავს, რომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დანაშაულთა წრე გაიზარდოს.

"2 დღის განმავლობაში მართლაც მაქსიმალური არის გაკეთებული პროკურატურისა და საგამოძიებო უწყებების მიერ. თუმცა, ეს არ არის საკმარისი რა თქმა უნდა, თვითონაც თქვეს, რომ ეს ინფორმაციის მხოლოდ 10 პროცენტია. ბევრი სამუშაოა ჯერ კიდევ წინ და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. თავდამსხმელებიდან უმეტესობა არის ნასამართლევი, თანაც არაერთხელ. ორი მათგანი არის ბანალური ქურდბაცაცა. არ ვიცი ცოტნეს ვერსია, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სამწუხაროდ, კომენტარს ვერ აკეთებს და მხოლოდ ბრალდებულების ვერსია ვრცელდება, თითქოს ცოტნეს ბრალია ყველაფერი, რაც არ მგონია მორალურად და სამართლებრივად სწორი," - განაცხადა ჯაბაურმა.

აღსანიშნავია, რომ გვიან ღამით დატოვეს მთავარი სამმართველო ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ და ადვოკატმა, რომლებიც საქმეში ამ დროისთვის არსებულ მტკიცებულებებს გაეცნენ. დაზარალებული მხარე ელოდება, რომ ახალი მკტიცებულებების საფუძველზე საზოგადოება ბევრ სიახლეს გაიგეს და მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთება.

დღის ამბები