23 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
სეზონი და პრობლემები მთის კურორტებზე - წყალის უქონლობის გამო, დამსვენებლების ნაწილმა გუდაური და ბაკურიანი დატოვა

გუდაურში მდებარე მარკეტებში გასული დღეების განმავლობაში, გაყიდვების რეკორდი სასმელმა წყალმა მოხსნა. მთის კურორტს წყალი სამი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, რამაც დამსვენებლებს დისკომფორტი, ადგილობრივ ბიზნესს კი პრობლემები შეუქმნა.

სასტუმროების მომარაგება მათ შორის, სახანძრო მანქანების ცისტერნებიდან და ავზებით ხდებოდა, თუმცა ამან მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. წყლის მიწოდება გუდაურში დღეს დილიდან აღდგა. 

წყალმომარაგების პრობლემის გამო, გუდაური არაერთმა უკმაყოფილო ტურისტმა დატოვა. კურორტიდან ტურისტების ნაწილის წასვლას ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ზარალი უსიამოვნოა თუმცა, არა საგანგაშოა.

კურორტზე სეზონი არასახარბიელოდ დაიწყო იმის გათვალისწინებითაც, რომ ნალექი ცოტაა, თუმცა ამ დროისთვის გუდაურში თოვს. ადგილობრივებს აქვთ მოლოდინი, რომ სათხილამურო ტრასებზე თოვლის საფარი გაუმჯობესდება.

გუდაურის გარდა, წყალმომარაგების პრობლემაა ბაკურიანშიც. დაბას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ღამის 12-დან დილის 9 საათამდე მომარაგება წყდება. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა აღმაშენებლის და წაქაძის ქუჩებზე, სადაც 20-მდე სასტუმროა განთავსებული.

წყალმომარაგების გარდა, ბაკურიანში სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემაც არსებობს, რაც წლების განმავლობაში მოუგვარებელია. ეს ქუჩებზე ტროტუარების გაუმართაობასა და პარკირების ადგილების სიმცირეს უკავშირდება. აღნიშნული პრობლემა კი, ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლებს, როგორც ფეხით ასევე, მანქანით გადაადგილებისას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის.

ავტორი: ალექსანდრე ლეჟავა

დღის ამბები