22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
კიბერდანაშაულის მზარდი სტატისტიკა საქართველოში - ოპოზიცია გახმაურებულ კიბერშეტევებზე საუბრობს

"კურიერთან" ექსპერტების ნაწილი იმ ახალ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს, რომლითაც  საქართველოში ჰაკერები მოქმედებენ.

ეს არის ახალი მოწყობილობა, რომელიც ბარათებიდან მონაცემებს დისტანციურად, პირდაპირი კონტაქტის გარეშე აკოპირებს.

ამასთან, ექსპერტები ამბობდნენ, რომ სავარაუდოდ, კიბერდანაშაულის ფაქტები ბევრად მეტია, რადგან ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პოლიციამდე არ მიდის.

მათი თქმით, სტატისტიკა მზარდია და ეს ტენდენცია, რომელიც საბანკე-საბარათე სისტემაზე გადასვლის თანმდევი პროცესია,  მომავალშიც შენარჩუნდება. 

სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გაბოძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ კიბერდანაშაულის კუთხით პრევენციის გზები უნდა ეძებოს.

"ეს არის ე.წ ფორმალური ხასიათის კიბერდანაშაული, თუმცა ეს არის ჩვეულებრივი ქურდობა. პლასტიკური ბარათების მეშვეობით ხდება თანხის ფარული დაუფლება. სახელმწიფომ აუცილებლად პრევენციის გზები უნდა ეძებოს," აცხადებს გიორგი გაბოძე.

კიბერდანაშაულის გაზრდილ სტატისტიკაზე ოპოზიცია ხელისუფლებას უყენებს ბრალდებებს და ამბობენ,რომ სახელმწიფო უწყებები თავად მონაწილეობენ კიბერთავდასხმაში.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ საქართველოში არაერთი შემთხვევა იყო გახმაურებული კიბერდანაშაულის,თუმცა სტატისტიკა კლების ნაცვლად მაინც იმატებს.

"დანაშაულის სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში გრძელდება დანაშაულის სტატისტიკა. გვახსოვს არაერთი გახმაურებული შემთხვევა კიბერთავდასხმის, "თიბისი ბანკი", პირადი კადრების გავრცელება და ა.შ სახელმწიფოს მხრიდან არ არის სათანადო რეაგირება," განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო სათანადო რეაგირებას ვერ ახდენს კიბერდანაშაულზე.

"ჩვენ გვახსოვს "თიბისის საქმე", სადაც ნათელი იყო ხელისუფლების მონაწილეობა," განაცხადა რომან გოცირიძემ.

11 თვის ოფიციალური მონაცემებით, გაორმაგებულია კიბერდანაშაულის რაოდენობა და განახევრებულია კიბერდანაშაულის გახსნის ფაქტებიც.

დღის ამბები