22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
"ტრამპი ტერორისტია პიჯაკში" - ირანის ხელისუფლებისგან მუქარისშემცველი განცხადებები ისმის

"ტრამპი ტერორისტია პიჯაკში" - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ასე ირანის კომუნიკაციების მინისტრი აფასებს. მოჰამედ ჯავად აზარი "ტვიტერზე" წერს, რომ ტრამპს მალე მოუწევს ისტორიის სწავლა, რადგან "დიდი ირანელი ერისა და კულტურის" დამარცხება არავის შეუძლია. 

მუქარის გზავნილი გაისმა ირანის პარლამენტში, სადაც სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ პირველი სესია გაიმართა.

დეპუტატებმა შტატების მიერ ირანელი გენერლის მკვლელობას ტერორისტული აქტი უწოდეს. "სიკვდილი ამერიკას" - სკანდირებდნენ პარლამენტარები.

ირანი რომ სოლეიმანის სახელით შურისძიებისთვის ემზადება, ამაზე მეტყველებს ის წითელი დროშაც, რომელიც შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში მდებარე მეჩეთზე გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ აღმართეს.

ირანის არმიის ელიტური ჯგუფის ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი ჰოსეინ სალამი ამბობს, რომ ყასემ სოლეიმანი ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში უშლიდა ხელს და სწორედ ამიტომ მოკლეს.

მოკლული გენერალი გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის "ალ-ყუდსის" მეთაურობდა, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

თეირანისგან განსხვავებული ვერსია აქვს თეთრი სახლის ლიდერს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ თავდასხმების სერიას გეგმავდა და ტერორისტი იყო.

შტატების პრეზიდენტი განმარტავს იმასაც, რომ ირანის შურისძიების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი სწრაფი და ძლიერი იქნება.

მუქარისა და მკაცრი რიტორიკის ფონზე, რომელიც როგორც თეირანში, ისე ვაშინგტონში ისმის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიიწვია.

თავის მხრივ, ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოება ვითარების დეესკალაციაზე აქტიურად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ირანელი გენერალი შტატების სპეცოპერაციის ფარგლებში ბაღდადში მოკლეს. ცნობილია, რომ ტრამპმა სოლეიმანის მკვლელობა მრჩეველთა ვიწრო წრეში დაგეგმა და კონგრესის ნებართვის გარეშე განახორციელა.

მანამდე ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. ვაშინგტონი ამ თავდასხმის წახალისებაში სწორედ თეირანს ადანაშაულებდა.

დღის ამბები