22 დეკემბერი 2024,   10:01
ვრცლად
"პიჯაკიანი ტერორისტი, ჰიტლერი, ჩინგიზ ყაენი" - ირანელი მაღალჩინოსნები დონალდ ტრამპზე

"ტერორისტი პიჯაკში, ჰიტლერი, ჩინგიზ ყაენი" - ასე ირანელი მაღალჩინოსნები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოიხსენიებენ. ამერიკელების მიერ ერაყში გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობას დიდი რეზონანსი და ანტიამერიკული რიტორიკის გაძლიერება მოჰყვა.

მუქარის გზავნილი გაისმა ირანის პარლამენტშიც, სადაც გენერლის ლიკვდაციის შემდეგ პირველი სესია გაიმართა. "სიკვდილი ამერიკას" - სკანდირებდნენ პარლამენტარები. ირანი რომ სოლეიმანის სახელით შურისძიებისთვის ემზადება ამაზე მეტყველებს ის წითელი დროშაც, რომელიც შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში მდებარე მეჩეთზე გენერლის დაღუპვის შემდეგ აღმართეს.

ირანის არმიის ელიტური ჯგუფის ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი ჰოსეინ სალამი ამბობს, რომ ყასემ სოლეიმანი გავლენიანი ფიგურა იყო, ის ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში უშლიდა ხელს და სწორედ ამიტომ მოკლეს.

მოკლული გენერალი გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის "ალ-ყუდსის" მეთაურობდა, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. სოლეიმანი წლების განმავლობაში ირანი საგარეო პოლიტიკის არქიტექტორად მიიჩნეოდა.

მუქარისა და მკაცრი რიტორიკის ფონზე, რომელიც როგორც თეირანში, ისე ვაშინგტონში ისმის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიიწვია.

თავის მხრივ, ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. საერთაშორისო საზოგადოება ვითარების დეესკალაციაზე მუშაობს. გერმანია და ბრიტანეთი მზად არიან, მედიატორის როლი შეასრულონ. ვითარების განმუხტვის მიზნით კი მოლაპარაკება უკვე დაწყებულია შტატების სახელმწიფო მდივანთან.

განმარტებებს აკეთებს მაიკ პომპეოც, რომელიც ამერიკულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ამერიკელების დახოცვას აპირებდა. სოლეიმანის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ კი ინფორმაცია წინასწარ ევროპასაც მიაწოდეს.

ირანელი გენერალი შტატების სპეცოპერაციის ფარგლებში ბაღდადში მოკლეს. ცნობილია, რომ ტრამპმა სულეიმანის მკვლელობა მრჩეველთა ვიწრო წრეში დაგეგმა და კონგრესის ნებართვის გარეშე განახორციელა. მანამდე კი ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. ვაშინგტონი ამ თავდასხმის წახალისებაში სწორედ თეირანს ადანაშაულებდა.

დღის ამბები