22 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობა - ფიტარეთის მონასტრის მხატვრობას განადგურება ემუქრება

ფიტარეთის მონასტრის უნიკალურ მხატვრობას განადგურება ემუქრება. წვიმამ, თოვლმა და გარემო პირობებმა ფრესკები დააზიანა. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა მექანიკური დაზიანების კვალიც. უკვე 3 წელია, საყდრისის კომიტეტი სახელმწიფოსგან რეაგირებას უშედეგოდ ითხოვს. ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ კონსერვაციის სამუშაოები წელს დაიწყება.

ლოცვისა და გალობის ხმა ფიტარეთის ღვთისმშობლის მონასტერში 2007 წლიდან ისმის. მე-13 საუკუნის ტაძრის შენარჩუნებაზე წლებია სასულიერო პირები ზრუნავენ.

სამხატვრო აკადემიის კვლევითმა ცენტრმა მონასტერში პირველი საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა და დაზიანებული უბნები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა სავალალოა. წლების განმავლობაში ტაძრის დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, რამაც კედლის მხატვრობა ძლიერ დააზიანა. მრავალსაუკუნიანი ისტორიის შენარჩუნების ერთადერთი გზა სასწრაფო კონსერვაცია-რესტავრაციაა.

კედლის მხატვრობის გარდა გამაგრებითი სამუშაოების აუცილებლობას საჭიროებს მონასტრის ქვებიც. რესტავრატორები კედლებიდან ქვის ჩამოშლას არ გამორიცხავენ.

წელსვე გეგმავენ მონასტრის კონსერვაციის დაწყებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ძეგლი გადარჩება, თუმცა, მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე რესტავრაციას წლები დასჭირდება.

სამონასტრო კომპლექსში ისტორიული გალავანიც, ტაძარიც და სამრეკლოც კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს. თუკი ამ დრომდე არავინ იცოდა, რა ბედი ეწეოდა უნიკალურ ძეგლებს, პირველად ჩატარებულმა საფუძვლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მძიმე დაზიანებების მიუხედავად მონასტრის მრავალსაუკუნიანი ისტორია სიცოცხლეს გააგრძელებს.

დღის ამბები