22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უფლებების აღდგენისა და ჰუმანური მიდგომის რესურსი არ გამოიყენა - EMC დეკანოზის შეწყალებაზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ის დასაბუთება, რომელიც პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად, არარელევანტურია და აცდენილი თავად შეწყალების კონცეფციასა და მიზანს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას მისი ოჯახი და სასულიერო პირების ნაწილი, სახალხო დამცველი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პოლიტიკური ჯგუფები სასულიერო პირის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, ციხეში სასჯელის მოხდის სირთულის და ასევე, ამ საქმეზე მართლმსაჯულების ფუნდამენტური ხარვეზების გამო ითხოვდნენ. სასულიერო პირი უკვე რამდენიმე თვეა პარალიზებულია და სათანადო გადაადგილების შესაძლებლობა წართმეული აქვს. ზოგიერთი სამედიცინო ექსპერტი ციხის პირობებში მისი მკურნალობის და სასჯელის მოხდის სირთულეზე ღიად საუბრობს.

საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მნიშვნელოვან დარღვევებზე ასევე უთითებდა სახალხო დამცველი. ცხადია, რომ მართლმსაჯულების ამ ხერვეზების გათვალისწინებით, სასულიერო პირის შეწყალებას, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ჰუმანიზმის გამოვლენის გარდა, მისი დარღვეული უფლებების აღდგენის მნიშვნელობაც გააჩნდა.

ცხადია, რომ გიორგი მამალაძის საქმეს ჰქონდა პოლიტიკური კონტექსტი და ეს საქმე საეკლესიო წრეებში შიდა დაპირისპირების და კრიზისის მიზეზიც გახდა. თუმცა, 2019 წლის 31 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებამ სასულიერო პირის შეწყალების შეუამდგომლობის შესახებ შიდა კონფლიქტების დაძლევის და საპატრიარქოს შიგნით უფრო ჰუმანური მიდგომების გამოყენების მოლოდინი გააჩინა.

სამწუხაროდ, ეს მოლოდინი რელაური არ აღმოჩნდა და ამ პერიოდში საპატრიარქოს მაღალი იერარქების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები (მათ შორის იმის შესახებ, რომ მათ საკუთარი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და დანარჩენი პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ასევე, რომ მათი შუამდგომლობების მხოლოდ 5 % აკმაყოფილებს პრეზიდენტი და დამატებითი კომენტარი ამ საქმეზე არ აქვთ) ამ შუამდომლობის ნომინალურობას უკვე აჩვენებდა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ სინოდის აღნიშნულ შუამდგომლობას საპატრიარქოს წიაღში გაჩენილი მღელვარების შესუსტების და პასუხისმგებლობის მოხსნის მიზანი უფრო გააჩნდა, ვიდრე სასულიერო პირის რეალური მხარდაჭერა და საპატრიარქოში შექმნილი კრიზისის გადაჭრა. გიორგი მამალაძის გათავისუფლების შემდეგ. ამ საქმეზე და მის პოლიტიკურ და საეკლესიო კონტექსტზე ღია დისკუსიები როგორც ჩანს საპატრიარქოსთვის მიუღებელი იყო და ამდენად შეწყალების შესახებ სინოდის შუამდგომლობა უფრო ტაქტიკური ნაბიჯი იყო.

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ამ საქმეზე უფლებების აღდგენისა და ჰუმანური მიდგომის რესურსი არ გამოიყენა და სასულიერო პირი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეწყალების მექანიზმის მიმართ ჰუმანურ მოლოდინებს ამძიმებს და ის პრეზიდენტის ხელში თვითნებური პოლიტიკური ბერკეტი უფრო ჩანს, ვიდრე ადამიანის უფლებების და ჰუმანიზმის დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმი,"- ნათქვამია "იემსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები