22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
"პოლიციელის მკვლელის შემწყალებელი", "მონა"- პრეზიდენტს გორის ცენტრში შეძახილებით დახვდნენ

ხმაური გორში - ქალაქის ცენტრში პრეზიდენტის გამოჩენას შეძახილებით დახვდნენ. პრეზიდენტის ნაძვის ხის კონცერტის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერები აქციას მართავენ.

მოხდა შელაპარაკება აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის.

ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც საკრებულოს წევრებმა შენობასთან მისვლა დააპირეს, მათ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ოპოზიციონერები სალომე ზურაბიშვილის გასაგონად ამბობდნენ, რომ 2008 წლის ომი საქართველოს არ დაუწყია.

კრიტიკა და შეძახილები პრეზიდენტის მიმართულებით არ წყდებოდა შეწყალების საკითხზეც.

"პოლიციის შემწყალებელი", "მონა" - აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერები პრეზიდენტის მისამართით სწორედ ამ სიტყვებს სკანდირებდნენ.

ქალაქის ცენტრში დაპირისპირების დროს იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვასილისა ჯავახიშვილი, მისი თქმით, პროტესტის მთავარი ადრესატი სწორედ სალომე ზურაბიშვილია.

​"არაფერი არ დაგვიშავებია, ნაძვის ხის მეორე მხარეს გვინდოდა დგომა, თუმცა პოლიციელები კონსტიტუციურ უფლებას გვიზღუდავენ და გადაადგილების უფლება არ მოგვცეს. პროტესტის მთავარი მიზეზია სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საარჩევნო კამპანია დაიწყო იმით, თუ როგორ დაიწყო საქართველომ ომი,"- განაცხადა ვასილისა ჯავახიშვილმა.

გორის ცენტრში სალომე ზურაბიშვილის მიმართვა მალე დაიწყება.

დღის ამბები