22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
პრეზიდენტმა საპატრიარქოს მიმართ კვლავ ლოიალური გადაწყვეტილება მიიღო და დეკანოზი პატიმრობაში დატოვა - არასამთავრობოები

არასამთავრობოები პრეზიდენტს აკრიტიკებენ. მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს.

"გადაწყვეტილება შეწყალების მექანიზმის მიმართ ჰუმანურ მოლოდინებს ამძიმებს და ის პრეზიდენტის ხელში თვითნებური პოლიტიკური ბერკეტი უფროა, ვიდრე ადამიანის უფლებების და ჰუმანიზმის დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმი" - წერს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი".

მესამე სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით არის დაუსაბუთებელია.

ისინი მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოს ლოიალური დამოკიდებულება გაითვალისწინა დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით და სწორედ საპატრიარქოს ზეგავლენიდან გამომდინარე მიიღო მან დეკანოზის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება.  

"ჩვენ გვიჩნდება ეჭვები, რომ საპატრიარქოს რეალური დაინტერესება მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით არ ჰქონდა, მისი ციხიდან გათავისუფლება და ამ საქმის უკან საეკლესიო თუ პოლიტიკურ ინტერესებზე დისკუსიის განახლების საპატრიარქოს ეშინოდა, შესაბამისად, პრეზიდენტმა კვლავ  საპატრიარქოს მიმართ ლოიალური გადაწყვეტილება მიიღო და დეკანოზი პატიმრობაში დატოვა," – აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" აღმასრულებელი დირექტორი კი ამბობს, რომ მიუხედავად საზოგადოების კრიტიკისა, პრეზიდენტმა სხვა სკანდალური შეწყალებებიდან გამომდინარე დღეს დასაბუთებული არგუმენტები წარმოადგინა, თუ რატომ არ შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე და რატომ რჩება ის ისევ საკანში.

"ეს არის მისი გადაწყვეტილება და ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, დადებითია ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება. რამდენად სწორია თუ არასწორია - ეს მეორე საკითხია, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, როდესაც წინა შეწყალებამ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, ჰქონდა ძალიან დიდი რეაქცია საზოგადოებაში -  როდესაც პრეზიდენტმა სრულიად დაუსაბუთებლად, საკმაოდ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანები შეიწყალა," - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

დღის ამბები