22 დეკემბერი 2024,   09:31
ვრცლად
კორუფცია თერჯოლაში - აუდიტის დასკვნის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

აუდიტის სამსახურის საკმაოდ მოცულობით დასკვნაში, დიდი ნაწილი თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორი წლის განმავლობაში გახარჯულ საწვავს ეთმობა. საუბარია 2017-2018 წლებზე - როდესაც საწვავის ლიმიტი მაშინდელი მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დგინდებოდა. 30-მდე შემთვევაში, ერთჯერადად გაზრდილია ლიმიტი, აუდიტის ჯგუფს კი მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა საწვავის გაზრდილი ხარჯის შესაბამისი დოკუმენტები ვერ წარუდგინა. 

2017-2018 წლებში ავტომანქანებზე 351 ათასი ლარის ღირებულების 175 ტონა საწვავი დაიხარჯა. მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების პირად მანქანებზე 101 ტონა საწვავი გაიცა, რომლის ღირებულებაც 201 ათას ლარს შეადგენს. 2.300 ლიტრზე მეტი საწვავი კი, თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს არის გახარჯული. 

აუდიტის სამსახურის მიხედვით, ცალკეულ ავტომობილებში ერთი დღის განმავლობაში ჩასხმული საწვავის ჯამური მოცულობა მანქანის საწვავის ავზის მოცულობას აღემატება მაგალითად, კერძო ავტომანქანის მფლობელმა 2017 წლის 11 აპრილს ზესტაფონში საწვავი 7-ჯერ ჩაასხა. 12 საათი და 05 წუთიდან 12 საათი და 49 წუთამდე, სულ 111 ლიტრის მოცულობით. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ავტომანქანის ავზის საწვავის მოცულობა 50 ლიტრია. 

თერჯოლის მოქმედი მერი არ საუბრობს, დადგება თუ არა მისი წინამორბედის პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ის მერად აირჩიეს და აუდიტის დასკვნა გასაჯაროვდა, მუნიციპალიტეტში საწვავის ხარჯვითი ნაწილი გამკაცრდა და სპეციალური კომისია შეიქმნა.

დიდი ოდენობით დაუსაბუთებლად საწვავის მოხმარება თერჯოლის მუნიციპალიტეტში ერთადერთი პრობლემა არ არის. ირკვევა, რომ 20 დეკემბრიდან საქართველოს პროკურატურამ აუდიტის მოთხოვნის საფუძველზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. საუბარია არაუფლებამოსილი პირების მხრიდან სოფელ კვახჭირსა და ალისუბანში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენებაზე. ასევე, საფეხბურთო კლუბ "საპოვნელას" დიდი ოდენობით მატერიალური და არამატერიალური ზიანის მიყენების საქმეზე.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია რამდენიმე ტენდერის საქმეზეც, სადაც აუდიტის ვარაუდით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მანქანების რემონტის საქმეზე, რაშიც გახარჯულია დიდი ოდენობის თანხები, არაერთგვაროვან მიდგომებს ჰქონდა ადგილი. ოპოზიცია ჩინოვნიკების პასუხიმგებლობაზე საუბრობს. 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში საუბარია თერჯოლის საკრებულოს წევრების მხრიდან დაუსაბუთებელ ხარჯებზე. 2017 -2018 წლებში საკრებულოს წევრებსა და თანამშრომლებზე ანაზღაურების სახით გაცემულია 174 ათასი ლარი, 2017 წელს - 95 ათასი ხოლო 2018 წელს 79 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა საკრებულოს წევრების ხარჯის დასადასტურებლად მტკიცებულება ვერ წარადგინა, რასაც მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე არ იზიარებს.

აუდიტის დასკვნაში მოხვდა სოფელ კვახჭირსა და ოდილაურში წყლის სისტემის მოწყობისთვის დახარჯული თანხები. 2017 წელს ადგილობრივმა მთავრობამ 122 ათასი ლარი გამოყო და 458 ოჯახს წყლის სისტემის მოწყობას შეპირდა. არასაკმარისი რაოდენობის შეძენილი მილების გამო, მოეწყო მხოლოდ 403 ერთეული, თუმცა მერიამ დაქირავებული კომპანია არ დააჯარიმა.

2018 წელს კი სხვა კომპანიას 114 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა და ყველა ოჯახისთვის წყლის მიწოდება დაავალა, ასევე უნდა დამონტაჟებულიყო 520 მრიცხველი. დაგვიანებით ჩაბარებული სამუშაოებისა და უხარისხოდ შედგენილი დოკუმენტაციის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს მიმწოდებლის მიმართ სამართლებრივი ღონისძიება არც ამ შემთხვევაში გაუტარებია. პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. 

"კურიერმა" უწყლოდ დარჩენილი სოფელი გადაიღო, ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ, ნაწილს კვირაში სამჯერ, თუმცა სასმელად გამოუსადეგარი. 

კიდევ ერთი თემა, რომელიც სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლა, თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანო-26 მაისის დამაკავშირებელი გზაა, სადაც ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებში მუნიციპალიტეტმა 2017 წელს 471 ათასი ლარი დახარჯა, 2019 წელს აუდიტის ჯგუფმა აღმოჩინა, რომ გზის ორი მონაკვეთი დაზიანებული იყო. 2017 წელს მუნიციპალიტეტმა თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოყო. წელს ამ გზაზეც ანალოგიური დაზიანებები აღმოჩნდა. 

დღის ამბები