11 სექტემბერი 2026,   12:13
ვრცლად
"მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც უკარნახებენ" - ნოდარ რუხაძე სასამართლოს უნდობლობას უცხადებს

საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს გამთენიისას დაკავებულთა ნაწილის პროცესი უნდა გაიმართოს. ნოდარ რუხაძის, გიორგი შოთაძისა და რომეო ფარულავას წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ, რასაც თავად ბრალდებულები ფარსად მიიჩნევენ.

სამოქალაქო აქტივისტები პოლიციამ რუსთაველის გამზირზე 2019 წლის ბოლო ღამეს დააკავა. ისინი მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, კარვების დაშლას აპროტესტებდნენ.

"პროცესი, ჩემი აზრით არის ფარსი, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, რომ არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო, არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში პროკურატურა, არ არსებობს შესაბამისად არანაირი გარანტია ე.წ. სასამართლო რას გადაწყვიტავს,"- აცხადებს რომეო ფარულავა.

სასამართლო სისტემას უნდობლობას უცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი, ნოდარ რუხაძე. მისი თქმით, მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებლები არიან.

"მედავებიან იმას, რაც არ გამიკეთებია და მთლიანი ეს პროცესი და საქმის წარმოება, დაკავების აქტი მთლიანად იყო ძალიან დიდი ტყუილი. მე მედავებიან პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას და უმისამართოდ გინებას ქუჩაში. პროცესზე რეალურად მოსამართლე ამ ყველაფერს განიხილავს და ალბათ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც უკარნახებენ, რადგან ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ქართულ მართლმსაჯულების სისტემას," - აცხადებს ნოდარ რუხაძე. 

დღის ამბები