27 დეკემბერი 2024,   01:05
ვრცლად
გაუქმებული ხელშეკრულება პირველი გემის მიღების ნაცვლად - რა ბედი ელის ანაკლიაზე გაწეულ ფინანსურ სახსრებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ნაცვლად იმისა, რომ პირველი გემი 2020 წელს უნდა მიეღო, მთავრობა ხელშეკრულებას უუქმებს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" კი, ამის გამო საერთაშორისო არბიტრაჟში დავას აანონსებს.

ხელშეკრულების შეწყვეტის არგუმენტების გარდა, კონსორციუმისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მთვარობის ბრალდებებიც მიუღებელია. უფრო მეტიც, კონსორციუმს პრეტენზიები ხელისუფლებასთან აქვს.

ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ მთვარობამ არათუ პროექტის განხორციელებას შეუშალა ხელი, არამედ, დესტრუქციული ქმედებებით მოძიებულ ინვესტორებსაც აიძულა პროექტის დატოვება. კონსორციუმი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია დავის დაწყების თარიღიც და სარჩელის შინაარსიც. დეტალები იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გახდება საჯარო.

ანაკლიის კონსორციმის გენერალური დირექტორის განმარტებას, წინ უძღოდა მთვარობის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მმართველი გუნდის მთავარი არგუმენტებია, რომ სახელმწიფოს მხრიდან პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერის მიუხედავად, კონსროციუმმა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, პროექტს პრობლემები 2017 წლიდან შეექმნა და ამ პერიოდიდან კონსორციუმს ვადები სახელმწიფომ, მათივე თხოვნის საფუძველზე რამდენჯერმე გადაუვადა. ახლა, კონსორციუმს პროექტის დატოვება და დაახლოებით, 115 ათასის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

ის, რაც სამართლებრივი და უალტერნატივო ნაბიჯია მთავრობისთვის, ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლისთვის სპეცოპერციაა, რომლის სამიზნეც თავადაა. მამუკა ხაზარაძე დარწმუნბულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტით, კრემლის დავალება შეასრულა.

რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწლოვან პორტს? ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელიც დღესაც ხშირად დაისვა. კონსორციუმი ეჭვობს, რომ საარბიტრაჟო დავის ფონზე, პროექტით სერიოზული ინვესტორი ვერ დაინტერესდება, მთვარობა კი ისევ საკონსტიტუციო ჩანაწერს იშველიებს და აცხადებს, რომ ანაკლია ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.

მინისტრთა კაბინეტის წევრები ახალი ტენდერის გამოცხადებასა და საინვესტიცო ხელშეკრულების პირობების გადახალისებას აანონსებენ. ჯერჯერობით არ კონკრეტდება თარიღები და არც პოტენციური ინვესტორების ვინაობა. თუმცა, მთავრობა ინვესტორთან დაკავშირებით, ზოგად მინიშნებას აკეთებს.

საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, კერძოდ, 120 მილიონი დოლარის საკუთარი კაპიტალი მოსაზიდად და საერთაშორისო ბანკებთან, 400 მილიონი დოლარის სასესხო შეთანხმებების გასაფორმებლად, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ბოლო ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდა.

მანამდე იყო შუალედური თარიღი 15 ოქტომბერი. მაშინ ვადის ამოწურვამდე 6 საათით ადრე, მაია ცქიტიშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ იმ მომენტისთვის კონსორციუმს აღებული ვალდებულებები შესრულებული არ ჰქონდა. ვადის ამოწურვამდე 3 საათით ადრე კი, კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ დამატებით ფინანსურ დოკუმენტებს სახელმწიფოს აღარ წარუდგენდა.

მანამდე, კონსორციუმი ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" დატოვა, რამ განაპირობა მათ მიერ, ანაკლიის პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება და რა დრო დასჭირდებოდა მათი წილების გასხვისების ტრანზაქციების დადასტურებას - ამ საკითხებზე კონკრეტული განმარტებები არ გაკეთებულა.

"კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, კონსორციუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინვესტორებად, ყაზახური "მერიდიან კაპიტალ ლიმითედი" და ჰოლანდიური "ვან ორდი" წარუდგინა. შეფასების სამართლებრივი პროცესის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ "მერიდიან კაპიტალისგან" წერილი მიიღო, სადაც კომპანიამ საქართველოს მთავრობისგან მოწონების თაობაზე, ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება ითხოვა, რადგანაც, წერილის თანახმად, "მერიდიანს" მოცემულ ეტაპზე არ გააჩნდა ანაკლიის პორტის პროექტში, ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა.

შეთანხმება კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის, 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, პორტი რამდენიმე ეტაპად უნდა აშენებულიყო, პირველ ეტაპი 600 მილიონ დოლარამდე ინვესტიციასა და 6 000-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებდა. ინვესტორი კომპანია ასევე, იღებდა ვალდებულებას საკუთარი ხარჯით აეშენებინა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაეცა რამდენიმე ობიექტი.

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, პროექტში სახელმწიფოს 58.6 მილიონი ლარი აქვს დახარჯული. 70 მილიონ დოლარამდე ხარჯი გაწია კონსორციუმმაც. რა ბედი ელის ანაკლიაზე გაწეულ მასშტაბურ ფინანსურ სახსრებს იმ შემთხვევაში, თუ ნავსადგურის მშენებლობის პროექტი კვლავ ჩიხში შევა - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ხელისუფლებას ვადა 29 ოქტომბრამდე აქვს.

დღის ამბები