18 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკარგულ იარაღსა და ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრის მონაწილეებს ეძებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიცია დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრის მონაწილეებსა და დაკარგულ იარაღს ეძებს.

პარალელურად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად, რაულ ხაჯიმბა ნებაყოფლობით უნდა გადადგეს. ხაჯიმბას პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეს მოთხოვნა ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ დაძაბულობაა, უცვლელი რჩება მოთხოვნა, - გადადგეს რაულ ხაჯიმბა ე. წ. პრეზიდენტის არჩევამდე. მომიტინგეები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ე.წ. სამთავრობო შენობების ბლოკირებას განაგრძობენ.

"მართალია სასამართლომ ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თავის უფლებამოსილებას ისევ ასრულებს. ის პოსტზე არჩევნებამდე იქნება. მისი დაყოვნებლივ გადადგომა კი ჩვენი მოთხოვნაა." განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოებრიობის დაცვის ეროვნული მოძრაობის შტაბის უფროსმა თეიმურაზ ხიშბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალხას კვიცინია კი აღნიშნავს, რომ "სასამართლომ" ამეჯერად მოსახლეობას მოუსმინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო მოსახლეობის იგნორირება.

​"ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასამართლოში მოქალაქეების ხმას მოუსმინეს. როდესაც შეუძლებელია თქვენი შეხედულებების იგნორირება. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ერთად კიდევ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადავდგათ,"- განაცხადა ალხას კვიცინიამ.

ოკუპირებული რეგიონის ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერი ასლან ბჟანია ე.წ. პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის საკითხს გაგებით მიუდგა.

"შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ურთიერთგაგების ფონზე მიმდინარეობდა. ჩვენ ვისაუბრეთ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც სიტუაციის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ჩემი პირადი შეფასებით, შემიძლია გითხრათ, რომ ბგანგას განწყობა პოზიტიურია,"- განაცხადა ასლან ბჟანიამ.

დღის ამბები