18 აპრილი 2024,   11:44
ვრცლად
გერმანიასა და შტატებში მცხოვრებმა ირანელებმა თეირანში ანტისამთავრობო აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მცხოვრებმა ირანელებმა თეირანში ანტისამთავრობო აქციაზე გამოსულ მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. კალიფორნიასა და კიოლნში ღონისძიება გაიმართა, სადაც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს და ირანის მთავრობას სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

თეირანის ქუჩებში ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ უკრაინული ლაინერის შეცდომით ჩამოგდება აღიარა. დემონსტრანტებმა ხელისუფლებისგან გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარება და დამნაშავეების სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა.

თეირანში გამართულ ანტისამთავრობო აქციებს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანელებს სპარსულ ენაზე ტვიტერში მიმართა.

"ჩემი პრეზიდენტობის პირველი დღიდან თქვენ გვერდით ვდგავარ. ჩემი ადმინისტრაცია კვლავ გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას. ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით,"- დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

დასავლეთი ირანს კვლავ გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებას მოუწოდებს. ანგელა მერკელი და ჯასტინ ტრუდო ოფიციალური თეირანისგან ცხედრების დაუყონებლივ იდენტიფიცირებას და მომხდარზე პასუხისმგებლობის სრულად აღებას მოითხოვენ.

ირანს თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებისთვის რუსეთის დუმაში აკრიტიკებენ. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი ვაშინგტონს პროვოკაციებში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ უკრაინული სამგზავრო ბოინგის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი ირანთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატებიც არის.

უკრაინის პრეზიდენტი კი იმედოვნებს, რომ ავიაკატასტროფის შესახებ ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და ირანი შავი ყუთების ერთობლივ გაშიფვრასა და კომპენსაციის შესახებ შეთანხმდნენ. 

8 იანვარს თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან უკრაინული ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნას 176 ადამიანი ემსხვერპლა. საბედისწერო რეისის ბორტზე ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11, შვედეთის 10, ავღანეთის ოთხი, გერმანიისა და ბრიტანეთის 3-3 მოქალაქე იმყოფებოდა.

დღის ამბები