18 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
18 გასროლა "ბასიანთან" - თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ღამის კლუბთან სროლა 3 ადამიანის დაჭრით დასრულდა

18 გასროლა კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე მოხდა. 39 წლის ბიძინა ჩაჩხიანმა ცეცხლსასროლი იარაღით კლუბის 3 თანამშრომელი დაჭრა. სროლამდე ჩაჩხიანი "ბასიანში" ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც ბარმენთან გარკვეული დაპირისპირების გამო კლუბის დაცვამ ჩაჩხიანს ტერიტორია დაატოვებინა. დაახლოებით ნახევარ საათში ახალგაზრდა მამაკაცი კლუბთან ისევ დაბრუნდა, თუმცა როდესაც უსაფრთხოების თანამშრომლებისგან შესვლაზე უარი მიიღო, იარაღი გამოიყენა.

კლუბის სროლის შედეგად დაჭრილი 3 თანამშრომელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. დაზარალებულებს ჭრილობები ზურგისა და წვივის არეში აქვთ მიყენებული, 2 მათგანს ოპერაცია დღეს ჩაუტარდა. ერთი მათგანი კი, რომელსაც მსუბუქი ჭრილობები აღენიშნებოდა, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა კლუბთან მომხდარი გასროლის შემდეგ ბიძინა ჩაჩხიანი საკუთარ სახლთან, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა 6 დანა, 23 ვაზნა და დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი. წარსულში ნასამართლევ 39 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება იარაღის უკანონო შენახვას და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ვაკეში ჩაჩხიანის სახლში მივიდა, თუმცა ოჯახის წევრებმა კარი არ გააღეს. მეზობლები კი "ბასიანზე" მომხდარი ფაქტის მთავარ ფიგურანტს დადებითად ახასიათებენ.

კლუბ "ბასიანის" ადმინისტრაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. "ბასიანის" ერთ-ერთმა მფლობელმა ნაჯა ორაშვილმა კი ცოტა ხნის წინ სოცილურ ქსელში საკუთარ FACEBOOK გვერდზე ინციდენტთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქრონოლოგიურად აღწერს მომხდარი ფაქტის დეტალებს და წერს, რომ მსგავსი ფაქტები შიშის მიზეზი არ უნდა გახდეს.

ბიძინა ჩაჩხიანი ერთხელ უკვე ნასამართლევია - ცეცხლსასროლი იარაღით ფსიქოტროპული აფთიაქის დაზიანებისთვის. "ბასიანთან" მომხდარ ფაქტზე პროკურატურა მას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენს. ჩაჩხიანს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები