ვარკეთილში, "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები განახლდა. იქ იმყოფებიან ადამიანები, რომელიც ადგილზე კორპუსის აშენებას ეწინააღმდეგებიან და თბილისის მერიას სთხოვენ, სამშენებლო კომპანიას მშენებლობის უფლება სხვა ტერიტორიაზე მისცეს.
"ბავშვებს შესასვლელი კარი დაუკეტეს და არ უშვებენ, რომ ბავშვები თავისუფლად შევიდნენ. ეს კანონიერია? მოვიდნენ, ნახონ, თვითონ კალაძემ ნახოს, რომ ბავშვებს დაუკეტა შესასვლელი კარი და ჰაერი აღარ აქვთ ბავშვებს,"- აცხადებს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ბენაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას ადგილმონაცვლეობა არ აწყობს. მისივე თქმით, სამშენებლო კომპანია მზადაა, დავა სასამართლოში განაგრძოს.
"სამშენებლო კომპანიამ განაახლა სამშენებლო სამუშაოები. კომპანია ამ და სხვა შემთხვევაშიც კანონის სრული დაცვით მუშაობდა. ჩვენ ვაპირებთ, კანონით გათვალისწინებულ დროში დავამთავროთ მშენებლობა. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ სასამართლო დავაში შევიდეს კომპანია. პოზიცია დავაფიქსირეთ საჯაროდ, რომ ადგილმონაცვლეობა არ გვაწყობს, რადგანაც არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ ამას დავთანხმდეთ,"- განაცხადა გიორგი ბენაშვილმა.