23 სექტემბერი 2026,   01:48
ვრცლად
თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიხსნა

თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ფორუმზე მსჯელობენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. 

ფორუმი გახსნეს და  მონაწილე 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ და ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) თავმჯდომარემ, დეივიდ მორტონმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს  ქ. თბილისში მასპინძლობს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ  ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ენერგეტიკის რეგულირების სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან და მწვავე საკითხებს.

“დღეს ენერგეტიკის სექტორი ისტორიული მასშტაბის ცვლილებებს განიცდის. განახლებადი ენერგიების სწრაფი განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა, დეცენტრალიზებული ენერგოსისტემების ზრდა, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება მარეგულირებლებისგან ახალ ხედვებსა და გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ არის ასეთი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ისინი გვაძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთის გამოცდილებაზე ვისწავლოთ, გავიზიაროთ წარმატებული პრაქტიკა და ერთად ვიპოვოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენი სექტორის მომავალს განსაზღვრავს.

დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული დისკუსიები ნაყოფიერი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იქნება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩამოყალიბებული პროფესიული კავშირები და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალური ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ფორუმის გახნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ  იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად  ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC),  ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).  წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ:  აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.

ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია: IX WFER | Tbilisi 2026 / Home 

დღის ამბები