22 დეკემბერი 2024,   10:12
ვრცლად
"ბასიანთან" მომხდარი ინციდენტი - პროკურატურის ინფორმაციით, შესაძლოა, ბრალდების  კვალიფიკაცია შეიცვალოს

ღამის კლუბ "ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ 2020 წლის 12 იანვარს მომხდარ ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე ინტენსიურად გრძელდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შემდგომ, შესაძლებელია, ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს. 

განცხადების მიხედვით, 02:30 საათზე, ბიძინა ჩაჩხიანი ღამის კლუბში დადგენილი წესების დამოუმორჩილებლობის გამო, დაწესებულებიდან გააძევეს, რის შემდეგაც ის უკან დაბრუნდა, კარის გახსნას ითხოვდა და "ბასიანის" შესასვლელი კარის მიმართულებით გასროლა განახორციელა. შედეგად, სხეულის სხვადასხვა მიდამოში სამმა ადამიანმა დაზიანება მიიღო.

"ღამის კლუბ "ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 2020 წლის 12 იანვარს შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე  დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის  საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. 

საქმეზე ამ ეტაპისათვის შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე,  ბიძინა ჩაჩხიანი იმყოფებოდა ღამის კლუბ "ბასიანში“, რა დროსაც ის არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესებს და გააძევეს კლუბიდან.  აღნიშნულის გამო განაწყენებული დაბრუნდა "ბასიანის" ტერიტორიაზე,  ხმამაღლა გინებით  ითხოვდა კარის გახსნას და სანადირო გლუვლულიანი თოფიდან მოახდინა  „ბასიანის“ შესასვლელი კარის მიმართულებით გასროლა. შედეგად,  სამმა პირმა მიიღო დაზიანება სხეულის სხვადასხვა მიდამოში. 

ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 5-7 წუთის მანძილზე, რის შემდეგაც ბიძინა ჩაჩხიანმა დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. 

შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბიძინა ჩაჩხიანი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - მასზე შეძენა-შენახვა-ტარების უფლებით რეგისტრირებული 12 კალიბრის, გლუვლულიანი სანადირო თოფი და მისთვის განკუთვნილი ვაზნები.  

ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს, შემთხვევიდან მეორე დღეს - 2020 წლის 13 იანვარს, გამოძიების მიერ საწყის  ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე  წარედგინა ბრალდება, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის  239-ე მუხლის მესამე ნაწილით, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ", მეხუთე ნაწილის "გ“ და მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით.   

ბრალდების წარდგენა მოხდა კანონით გათვალისწინებულ, დაკავების 48 საათიან ვადაში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა საქმეზე  გამოძიება გრძელდება ყოველმხრივ,  ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოსაკითხია დაზარალებულები. ისინი უახლოეს პერიოდში გამოიკითხებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. 

ხსენებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შემდგომ, შესაძლებელია შეიცვალოს ბრალდების  კვალიფიკაცია," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები