22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
უკრაინული "ბოინგის" ჩამოგდება - თეირანი დამნაშავეებს აკავებს, თუმცა მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება

თეირანი პირობას ასრულებს და უკრაინული ბოინგის ჩამოგდებაში დამნაშავე რამდენიმე პირს აკავებს. განცხადება ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა გააკეთა. თუმცა, მას დაკავებულების ვინაობასა და რაოდენობაზე არ უსაუბრია. ოფიციალური თეირანის მტკიცებით, უკრაინული "ბოინგის" ჩამოგდების საქმეზე გამოძიება გრძელდება. დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვის დროს სპეციალური კომისიის შექმნა დააანონსა და მომხდარ ავიაკატასტროფას უპატიებელი შეცდომა უწოდა.

"ირანი უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებაზე პასუხიმგებელ ყველა პირს დასჯის. მომხდარი ტრაგიკული მოვლენა საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული. ეს იყო უპატიებელი შეცდომა. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე მხოლოდ ერთი პირი ვერ იქნება პასუხისმგებელი. უნდა დაარწმუნოთ ყველა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება," - აღნიშნა ჰასან როუჰანიმ.

მთავრობის აღიარებისა და გაცემული დაპირებების მიუხედავად, ანტისამთავრობო აქციებია თეირანის ქუჩებში. უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ აირსა და წყლის ჭავლს იყენებს. დღეს სამართალდამცველებმა დემონსტრაციაზე აქციის 30-მდე მონაწილე დააკავეს. მომიტინგეებს ბრალს არაკანონიერ შეკრებებზე მონაწილეობაში სდებენ. არასანქცირებულ აქციაზე მისვლის გამო თეირანში ისევ გააკრიტიკეს დიდი ბრიტანეთის ელჩი. ქვეყნის საგარეო უწყებამ ოფიციალურ ლონდონს მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა და მოუწოდა, რომ ახალი შეცდომა აღარ დაუშვას.

უკრაინული ლაინერის ჩამოგდების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ხედავს კანადა. პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, რომ არა რეგიონში ვითარების ესკალაცია, ავიაკატასტროფა არ მოხდებოდა.

"რეგიონში სიტუაციის ესკალაცია რომ არ მომხდარიყო, დაღუპული კანადელები ახლა თავიანთ ოჯახებთან ერთად იქნებოდნენ. ეს არის ის, რაც ხდება ომისა და კონფლიქტის დროს. მას უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. კარგი იქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებს გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაციის შესახებ მოკავშირეები გაეფრთხილებინა," - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინული ლაინერი შემთხვევით ჩამოაგდეს. მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში ძირითადად სტუდენტები მონაწილეობენ.

უკრაინულმა ლაინერმა თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან კატასტროფა 8 იანვარს განიცადა. ბოინგის ჩამოვარდნას 176 ადამიანი ემსხვერპლა. საბედისწერო რეისის ბორტზე ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიისა და ბრიტანეთის 3-3 მოქალაქე იმყოფებოდა.

დღის ამბები