22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
უწყლოდ დარჩენილი თელავი - ხელისუფლება წლებია, პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებს

თელავში წყლის საკითხის მოგვარებას ქალაქის მერია წლებია აანონსებს. ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში, 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, თუმცა პრობლემის გადაჭრა და ქალაქის 24-საათიანი გრაფიკით მომარაგება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. საბოლოოდ კი, წყლის მიწოდება, იმ უბნებშიც გართულდა, სადაც მოსახლეობას გვალვის დროსაც კი, შეუფერხებლად მიეწოდებოდა.

მერიაში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად კვლავ ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის ემზადებიან.

თელავი ერთადერთი ადგილი არ არის კახეთში, სადაც წყალი პრობლემაა. თელავში ადგილობრივებს აღარც ის უკვირთ, რომ ზამთარშიც არაფერი იცვლება. მოსახლეობა, როგორც წესი, ეზოს ონკანთან იკრიბება და ჭურჭელსა, თუ ტანსაცმელს მორიგეობით რეცხავს.

ადგილობრივის, ხათუნა ავარიანის საცხოვრებელი კორპუსის მსგავსად, წყალი ან გრაფიკით მიეწოდება, ან საერთოდ არ აქვს მთელ ქალაქს. არის კიდევ, უფრო მძიმე შემთხვევებიც, როცა სასმელი წყლისთვის თელაველებს რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები იმ მილიონობით დახარჯული თანხების მიზნობრიობის შესწავლას მოითხოვენ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თელავში წყლის პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოიყო. ხელისუფლების ოპონენტები ქალაქში ამ კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესებასა და მის მიერ გამოწვეულ პრობლემაზე მიუთითებენ.

გაერთიანებულ წყალმომარაგებაში, ბოლო პერიოდში შექმნილ პრობლემას უნალექო ზამთრის მიერ გამოწვეული წყლის დებეტის შემცირებას უკავშირებენ. წყლის პრობლემა კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქს, წლებია აწუხებს. მაშინაც, როცა ქალაქში თოვლისა და წვიმის ნაკლებობას არ უჩივიან. კომპანიაში გუდაურსა და ბაკურიანში შექმნილ პრობლემასაც იმავე მიზეზით ხსნიდნენ.

თელავის მოსახლეობას, რომელიც უწყლოდ მხოლოდ ზაფხულობით რჩებოდა, ახლა უკვე ზამთარშიც იმავე პირობებში უწევს ცხოვრება. წყალმომარაგებაში ამბობენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობენ.

დღის ამბები