22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
"აშშ-ს ახალი ელჩი, პირველ რიგში არჩევნების მონიტორინგით დაკავდება" - ექსპერტები კელი დეგნანზე

კიდევ უფრო გაძლიერდება თუ არა თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მას შემდეგ რაც საქართველოში ახალი ელჩი მუშაობას ოფიციალურად შეუდგება - ამის შესახებ შეფასება ექსპერტებმა გააკეთეს.

თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის, ვასილ კაჭარავას აზრით, ელჩის გამოცდილების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებასა და თავდაცვის მიმართულებებზე გამახვილდეს.

"უსაფრთხოების საკითხებში მუშაობდა ეს ქალბატონი. სამხედრო საკითხები, ფლოტის საკითხები - ყოველივე ეს საკმაოდ აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის. ალბათ, ამ მიმართულებითაც გაძლიერდება მუშაობა. ვინ იცის, შეიძლება ანაკლიის საკითხზეც უფრო მეტი ვისაუბროთ. ასე რომ, ქალბატონმა ფიცი დადო და ძალიან დიდი მოლოდინია, რომ იგი აქტიურად ჩაერთვება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში,"- განაცხადა ვასილ კაჭარავამ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე კი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, პირველ რიგში არჩევნების მონიტორინგს განახორციელებს. 

"თუ გავითვალისწინებთ იმ მზარდ კრიტიკას, რომელიც მოდის ვაშინგტონიდან, არა მხოლოდ ადმინისტრაციიდან, არამედ წამყვანი გაზეთებიდან, უნდა ვიფიქროთ, რომ ელჩი პირველ რიგში არჩევნებით დაკავდება, რადგან ამერიკის მთავრობას საქართველოში არ სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც უსამართლოდ იქნება მოსული. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქალბატონს პირდაპირი კავშირი ექნება თეთრ სახლთან, იმიტომ, რომ თეთრ სახლთან უშუალო კავშირის და იქიდან მხარდაჭერის გარეშე, არ იქნება ასე იოლი ამერიკამ არჩევნების მონიტორინგი განახორციელოს. პირველ რიგში, ამით დაკავდება, ჩემი აზრით,"- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს, კელი დეგნანს თბილისში იანვრის ბოლოს ელოდებიან.

დღის ამბები