22 დეკემბერი 2024,   09:55
ვრცლად
რუსთავში, სავარაუდოდ CO-ს დაგროვების შედეგად მამა-შვილი გარდაიცვალა

რუსთავში, დევნილებისა და სოციალურად დაუცველების საერთო საცხოვრებელში, მამა-შვილი გარდაიცვალა. 47 და 72 წლის მამაკაცების დაღუპვის მიზეზი სავარაუდოდ CO-ს გაჟონვა გახდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მამა-შვილი, სავარაუდოდ ნამწვის დაგროვების შედეგად, კვირას გარდაიცვალა.

ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილებს ექსპერტიზა რუსთავის საავადმყოფოში უტარდებათ.

"დღეს დილას მომწერა თანამშრომელმა, ვერანაირად ვერ ვუკავშირდებითო. ყველამ დავრეკეთ მაშინვე, ძმამ, ჩემმა მამამთილმა, ჩემმა მეუღლემ, ყველამ გადავრეკეთ და ბოლოს მოვიდნენ და ასეთი სიტუაცია დახვდათ. აბაზანაში წყალი იყო მოშვებულიო," - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

"სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენელმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სავარაუდოდ გარდაცვალების მიზეზი ნამწვის დაგროვება გახდა.

"წყლის გამაცხელებელი იყო ჩართული, ნამწვი შემოდიოდა სახლში. სავარაუდოდ მაგით არის და არა გაზის გაჟონვით. გაზის გაჟონვა აფეთქებს სახლს,“ - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

 

დღის ამბები