“კოკა-კოლა” დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და “კოკა-კოლას” ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ გოლცმენის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
“კოკა-კოლას” ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაური საქართველოში კომპანიის ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ღონისძიებაზე ოფიციალურად მიიწვია. აღინიშნა, რომ კომპანიის მიერ საქართველოში წარმოების გაფართოება, ქმნის მეტი დასაქმების შესაძლებლობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
“საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო არის ძირითადი მოტივატორი ქვეყანაში დამატებითი საწარმოო ხაზის შექმნისა და ბიზნესის გაფართოებისთვის. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ცირკულარული ეკონომიკის განვითარების კუთხით. „კოკა კოლას“ სისტემას უდავოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია მისი ბიზნესი საქართველოში. ვამაყობთ 200-ზე მეტი ადამიანით, რომლებიც ჩვენთან დავასაქმეთ. ვაგრძელებთ საქართველოში კაპიტალდაბანდებებს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ბიზნესის გაფართოებაზე და ინვესტიციების გაზრდაზე, ასევე მდგრადი განვითარებისთვის ახალი ინიციატივების განხორციელებაზე”,- განაცხადა “კოკა-კოლას” ვიცე-პრეზიდენტმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი დავოსში შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა "კოკა-კოლას" ვიცე პრეზიდენტთანაც. მაიკლ გოლცმენმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “კოკა-კოლა” დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას.
გიორგი გახარიამ დავოსში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - “ახალი ხედვა ევროპისა და აზიისთვის".