"ამდენი ხანია, შეურაცხყოფას ვითმენთ, ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ გვაქვს?! - ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ სასამართლოს ეზოში ინციდენტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლუკა კალანდიას განცხადებით, ინციდენტი პროვოცირებული იყო და ყველა ის ადამიანი, რომელიც მისი ოჯახის წინაშე დამნაშავეა, პასუხს აგებს.
"ჩვეულებრივი პროვოკაცია სარალიძის თანმხლები პირის მხრიდან, რომელმაც მამაჩემს უთხრა, გამოდი შენ ერთი გარეთო. რომელი ადამიანი მოითმენდა ამას?! ამდენი ხანია, შეურაცხყოფას ვითმენთ, ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ გვაქვს?! ამდენი ხანი გარდაცვლილების სულებს პატივს ვცემდით, ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თავზე გადაგვიარა. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ოჯახის წინაშე დამნაშავე იყო, აგებს პასუხს. მაღალჩინოსნები იქნებიან ესენი, გამომძიებლები თუ უბრალო მოწმეები, რომლებიც იტყუებიან," - განაცხადა ლუკა კალანდიამ.
ცნობისთვის, ხმაური იყო დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომაზე, სადაც მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ. საპირფარეშოს ეპიზოდზე საუბრისას, სხდომა პროტესტის ნიშნად ზაზა სარალიძემ დატოვა, რასაც მოჰყვა რეპლიკა მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის მხრიდან.
ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დერეფანში გაგრძელდა, ზაზა სარალიძე ბრალდებულის ოჯახის წევრებმა საქმით სპეკულირებაში დაადანაშაულეს. ინციდენტში სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია.