საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი დასრულდა. ხმაურიანი ინციდენტის მიუხედავად, დღეს საქმის მთავარი მოწმე მაინც დაკითხეს. მხარეების შეკითხვებს პასუხობდა მირზა სუბელიანის შვილი ალექსანდრე სუბელიანი, რომელმაც დეტალურად გაიხსენა ხორავას ქუჩაზე მომხდარი და ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე განვითარებული მოვლენები. ის ადასტურებს, რომ მიხეილ კალანდიას დასახმარებლად თავად დაურეკა.
"შემიყვანეს საპირფარეშოში, შენთან საქმე გვაქვსო. ბუნებრივია, შევყევი, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა. შემდგომ, დაჩიმ გაისროლა იარაღი, მიუხედავად ჩემი თხოვნისა. არავის მიმართულებით არ უსვრია, უბრალოდ ისროლა. მერე მე და დაჩი გავედით ცალკე სასაუბროდ. ვკითხე ასეთი რაღაც, რომ ხომ გთხოვე არ ისროლო და რატომ ისროლე-მეთქი. მან განმიმარტა, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხომ არ გვისვრია თქვენთვის, უბრალოდ ვისროლეთო. მაგის მერე ჩვენ ხელი ჩამოვართვით. მე და დაჩი რომ გავედით სასაუბროდ, თემო და დათა ცალკე წავიდნენ სასაუბროდ, მეორე სართულზე. რა ხდებოდა-მეთქი და მითხრა, რომ სწორი იყავიო, მითხრაო, წამო ახლა ტუალეტში და გავარკვიოთო და მე არ გავყვევიო. ამ დროს უკვე ვეუბნები, რომ კარგი, არ ინერვიულო მეთქი, მიკას (მიხეილ კალანდიას) ხომ იცნობ ჩემს დეიდაშვილს-მეთქი და კიო. მიკა მეგობრობს ამათ მეგობრებთან-მეთქი და დავურეკავ და ვეტყვი მოვიდეს სკოლის მერე-თქო. შენ კიდე არ შეყვე ტუალეტში, კიდევ თუ გთხოვეს-თქო. ისევ დავიშალეთ, ზარი დაირეკა, მიკას დაველაპარაკე და ვუთხარი, რაღაც შელაპარაკება მოგვივიდა მეთქი მე-11 კლასელებთან, შენი მეგობრების მეგობრები არიან მეთქი და თუ შეძლებ მოსვლას, მოდი-თქო,"- განაცხადა პროცესზე ალექსანდრე სუბელიანმა.
როგორც პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ მედიასთან განმარტა, ალექსანდრე სუბელიანს დღეს სასამართლოსთვის ისეთი დეტალები არ უთქვამს, რაც მას აქამდე ჩვენებებში არ ჰქონდა დაფიქსირებული.
"არასრულწლოვანმა მოწმემ ისაუბრა მისთვის ცნობილ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც მას თავის დროზე დაფიქსირებული ჰქონდა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის პროცესში. რაც შეეხება უკვე შეფასებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული მოწმის ჩვენება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან მიმართებაში, მას შემდგომ, რაც ჩვენ დავასრულებთ მტკიცებულებების გამოკვლევას, ბრალდების მხარე სახელმწიფო ბრალდების დასკვნით სიტყვაში მოახდენს თითოეული მოწმის ჩვენების შეფასებას,"- განაცხადა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.