30 ნოემბერი 2020,   15:48
ვრცლად
დაუზუსტებელი აირი ორხევის 76-ე ბაღში - აღსაზრდელთა მშობლები სასწავლო პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ

თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე 76-ე საბავშვო ბაღი უკვე თვეზე მეტია არ ფუნქციონირებს, რაც აღსაზრდელთა მშობლების პროტესტის მიზეზი გახდა. დღეს მათ ბაღის მიმდებარე მაგისტრალი გადაკეტეს. მერიაში კი განმარტავენ, რომ ბაღის დაკეტვის მიზეზი მიწიდან ამოსული ბიოგაზი  გახდა.

ბაღის აღსაზრდელთა მშობლები ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. ისინი სასწავლო პროცესის აღდგენას ითხოვენ.

"თუ აქ მომწამვლელი ნივთიერებაა, არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ ჩემი შვილიშვილი მოიწამლოს. ამიტომ მაინტერესებდა, თუ რა დასკვნას დადებდა სპეციალური სამსახური, მაგრამ ეს გაჭიანურდა დროში. მე მთავარი პრეტენზია იმაში მაქვს, რომ დროზე გაირკვეს და დაიდოს დასკვნა," – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თქმით, სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით მათ რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიიღეს. პირველადი ვერსიით, მომწამვლელი ნივთიერება ბიოგაზია, თუმცა ლაბორატორიის დასკვნა მომავალ კვირას იქნება ცნობილი.

"თბილისი ენერჯი"-ს დასკვნის შესაბამისად, ეს არ არის ბუნებრივი აირი, თუმცა არის ბიოგაზი პირველადი ვერსიით. შემდგომ ამისა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაგვიწია რეკომენდაცია, რომ ფუნქციონირება შეგვეჩერებინა ბაღის. მივმართეთ ლაბორატორიას, რომელთა დასკვნები მომავალ კვირას გვექნება და შესაბამისად ვიმოქმედებთ," - აცხადებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე.

დღის ამბები