22 დეკემბერი 2024,   09:29
ვრცლად
საიდუმლო ლაბორატორია უხანში, სადაც მომაკვდინებელ ვირუსებზე მუშაობენ - უკავშირდება თუ არა მას კორონავირუსის გავრცელება

კორონავირუსი, რომელიც უკვე არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა, შესაძლოა, უხანში მდებარე ლაბორატორიას უკავშირდებოდეს, სადაც ბიოლოგიური იარაღის პროგრამა ხორციელდება - ინფორმაციას The Washington Times  ისრაელელ ანალიტიკოსზე დაყრდნობით აქვეყნებს.

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა უხანის ტელევიზიით 2015 წელს გავრცელებული კადრები, სადაც ქალაქში მდებარე ვირუსების კვლევის ლაბორატორია ჩანს. სამედიცინო დაწესებულებაში მომაკვდინებელ ვირუსებთან მუშაობენ.

ისრაელის სამხედო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, დენი შოჰამი, რომელიც ჩინურ ბიოლოგიურ საშუალებებს სწავლობდა, ამბობს, რომ კვლევითი ინსტიტუტი პეკინის საიდუმლო ბიოიარაღის პროგრამასთან არის კავშირში.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა სამხედრო-სამოქალაქო საიდუმლო კვლევის ნაწილია.

შოჰამი სამედიცინო მიკრობიოლოგიის დოქტორია. 1970-1991 წლებში ის ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი ანალიტიკოსი იყო.

ჩინეთი ბიოლოგიური იარაღის ფლობას უარყოფს, თუმცა როგორც The Washington Times წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გასულ წელს განაცხადეს, რომ არსებობდა ეჭვი, რომ ჩინეთში საიდუმლო ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ.

ჩინეთის მთავრობაში ლაბორატორიასთან დაკავშირებული ეჭვის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. პრეზიდენტი სი ძინპინი სოციალურ ქსელებში მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ჰუბეის პროვინციაში, სადაც ვირუსია გავრცელებული, არ ჩავიდა. უხანი მის ნაცვლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოინახულა.

რა არის ცნობილი ვირუსის შესახებ

ვირუსი, რომელიც ნობილია როგორც 2019-nCoV, კორონავირუსის ახალ შტამად მიიჩნევა, რომელიც მანამდე ადამიანებში არასოდეს დაფიქსირებულა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსი უხანში ცხოველებისა და ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა - ბაზარი დაავადების გავრცელებიდან მალევე დახურეს. 

აქამდე ადამიანებში კორონავირუსის მხოლოდ 6 ტიპი იყო გამოვლენილი.  

ინფექციის ნიშნებს შორის არის ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა.

"ჩინურმა ვირუსმა" უკვე 107 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5000-ს მიაღწია. 120-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღეს ქალაქ უხანიდან შეერთებული შტატების 230- მდე მოქალაქეს გაიყვანეს. ქალაქიდან მოხდება დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეების ევაკუაციაც.

ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალისტები ამოწმებენ. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩინეთის რამდენიმე ქალაქში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ავიარეისები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის გარდა ვირუსმა საერთო ჯამში 16 ქვეყანაში შეაღწია.

დღის ამბები